რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი ქართულ ოცნებას PACE-ს რეზოლუციისგან იცავს და მათ მიერ საპარლამენტო ასამბლეის დატოვების გადაწყვეტილებას ამართლებს.
კოსაჩევის აზრით, საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დატოვების გადაწყვეტილება სავსებით სამართლიანად მიიღო, რადგან PACE-ს მოთხოვნები "დამამცირებელი" იყო.
""დემოკრატიულად მიუკერძოებელი" საერთაშორისო პლატფორმა PACE-ს ლიდერმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც თბილისისგან ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციამ, რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთი, ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა. ბონუსად საქართველოს მოუწოდეს გადახედონ რეკომენდაციას უცხოელი აგენტების კანონის გაუქმების შესახებ. შედეგად საქართველომ PACE-ში მუშაობა შეწყვიტა, მოთხოვნები სამართლიანად ჩათვალა დამამცირებლად." - წერს კოსაჩევი საკუთარ ტელეგრამ არხზე.
კოსაჩევის თქმით, ევროპა უკრაინის საკითხმა "გააფუჭა". მისი მტკიცებით, საქართველო "სუვერენული განვითარების გზას დაუბრუნდა", რამაც PACE-ს აღშფოთება გამოიწვია.
"საქართველო, რომელიც სუვერენული განვითარების გზას დაუბრუნდა, PACE-ს აღშფოთებას იწვევს - რატომ იქცევა თბილისი ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნები მათ წარსულ დამოუკიდებლობის პერიოდში, იმ მომენტამდე, სანამ ისინი მეგობრულად იქცეოდნენ ვაშინგტონის დიდ კოლონიად და რატომ არ იღებს უკრაინისგან მაგალითს? სწორედ ხომ ასეთი როლი მიაკუთვნა ევროპის კონტინენტის "პროგრესულმა" ნაწილმა ყოფილ მოკავშირე სახელმწიფოებს. ვინ არ ეთანხმება - მათ სანქციები, სანამ გადაწყვეტილებას არ შეიცვლიან. ასეც ხდება და რუსეთმა ეს იცის და კარგადაც ადაპტირდა, რბილად რომ ვთქვათ." - დაწერა კოსაჩევმა.
რუსმა პოლიტიკოსმა PACE საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ვრცლად ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციისა და ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო ასამბლეის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ წაიკითხეთ აქ - რას ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოცნების დელეგაციისთვის მუშაობის შეჩერება.