ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, გლდანის ციხეში ნაცემი პატიმარი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, აპარატულ მხარდაჭერაზეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
"იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, აპარატულ მხარდაჭერაზე. არის მართვით სუნთქვაზე. ჩვენ სრულ ინფორმაციას შემოსვლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ ვაწვდით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს. ამიტომ ინფორმაციას გაასაჯაროებს სამედიცინო დეპარტამენტი მხოლოდ და მხოლოდ". - ამბობს ჩხაიძე მთავარ არხთან.
გლდანის ციხეში პატიმრის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. პატიმრის ოჯახის წევრები გლდანის ციხესთან პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ, ადმინისტრაციისგან განმარტებები და ხელმძღვანელი პირებთან შეხვედრა მოითხოვს.
მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა. მათი თქმით, პატიმარი კლინიკაში მოინახულეს "სამწუხაროდ, უშუალოდ ვივამედში მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო".
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, პატიმარი კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.





