სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებზე განცხადება გააკეთეს და მასში მონაწილე პირები დაასახელეს.
ნინო ლომჯარიას და ეკა გიგაურის განცხადებით, არჩევნების შემდგე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 500-მდე, ხოლო სისხლის სამართლის წესით - 44 პირი. სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებიდან 38 იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულთა შორის 10 სტუდენტია და ერთი ქალი - ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
2024 წლის აპრილი-მაისის აქციების დროს სახელმწიფომ 10 პირი დააკავა, აქედან ორი მათგანი თავისუფალია: ერთი - საპროცესო შეთანხმების, მეორე - პრეზიდენტის შეწყალების გამო, ხოლო დანარჩენები კვლავ ციხეში რჩებიან.
მოსამართლეები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ:
- ქეთევან ჯაჭვაძე
- თამარ მჭედლიშვილი
- ირაკლი ხუსკივაძე
- ლელა მარიდაშვილი
- დავით მგელიაშვილი
- ნანა შამათავა
- დავით კურტანიძე
- ლევან ყოლბაია
- არსენ კალატოზიშვილი
- თეონა ეპიტაშვილი
- ნინო სახელაშვილი
- ნინო თარაშვილი
- ლელა კალიჩენკო
- გიორგი გელაშვილი
- ზვიად შარაძე
- ნათია გუდაძე
- ნატო ხუჯაძე
პროკურორები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმებეში მონაწილეობენ:
- ვაჟა თოდუა
- შმაგი გობეჯიშვილი
- გიორგი მუკბანიანი
- ნუგზარ (ნუკრი) ჭიტაძე
- თამარ იაკობიძე
- როინ ხინთიბიძე
- ანი ხუბეჯაშვილი
- ვლადიმერ თურმანიძე
- თორნიკე გოგეშვილი
- პაატა ცეცხლაძე
პოლიციელები, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეებში ცრუ მოწმეებად გამოდიან:
- უჩა ჭულუხაძე
- ზაურ მიქაძე
- რევაზ ბიჩენოვი
- თენგიზ ჩიტიშვილი
- გიორგი კალანდაძე
- ნინო მელაძე
გარდა ამისა, მათი განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერის მსგავსად, იანვარშიც გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შემთხვევები:
11 იანვარს თბილისში პოლიციამ გადამეტებული ძალის გამოყენებით მეორედ დააკავა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელსაც მიყენებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ გია ჯვარშეიშვილი პირველი დაკავების დროს (1 დეკემბერს) პოლიციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, ცემის შედეგად მან მიიღო ტვინის შერყევა, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები, თავისა და სხეულის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. დაკავების დროს პოლიციელებმა მოპარეს მობილური ტელეფონი, საფულე და ზურგჩანთა.
უკანონო დაკავების შემდგომ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაექვემდებარნენ 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მიერ დაკავებულები (მზია ამაღლობელი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე და სხვები). დაკავებულების და თვითმხილველების თქმით, მათზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ფიზიკურად სხვა პოლიციელებთან ერთად იძალადა, აყენებდნენ ფიზიკურ ან/და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულმა პროტესტის მონაწილეებმა ომბუდსმენის რწმუნებულებს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
- პოლიციის მხრიდან ქალების მიმართ ძალადობა და ღირსების შემლახავი პოლიციის მხრიდან
ქალი დაკავებულების მიმარტ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს მზია ამაღლობელის საქმე. 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში დაკავებული ჟურნალისტი ქალის, მზია ამაღლობელის განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა. დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. მზიას დღემდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი, ხოლო ირაკლი დგებუაძე აგრძელებს საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე.
ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის, ანრი კვარაცხელიას მეუღლემ, ნუცა ერემიანმა მედიასთან საჯაროდ ისაუბრა, რომ სახლის ჩხრეკის დროს პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც მას ფეხმძიმობა შეუწყდა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულ ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროების, არაადამიანური მოპყრობის, ცემის და გაუპატიურების მუქარის ფაქტები კვლავ არაა გამოძიებული და არავინაა პასუხისგებაში მიცემული.
- პროტესტის მონაწილეების „გატაცება”, როგორც დაკავების უკანონო პრაქტიკა
გრძელდება არაიდენტიფიცირებადი პირების მხრიდან პროტესტის მონაწილეთა უკანონო ფორმით “დაკავებების” პრაქტიკა, რომელიც თავისი შინაარსით მოქალაქის გატაცების ფორმას იღებს. დაკავებულებს ქუჩიდან იტაცებენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი პირები და საათების განმავლობაში ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის უცნობია მათი ადგილსამყოფელი.
მაგალითად, 18 იანვარს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციიდან წამოსული 2 ახალგაზრდა რუსთაველის მეტროსთან დააკავეს. დამკავებლებს არ ეცვათ ფორმა, არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშნები, არ წარუდგენიათ თავი და არ განუმარტავთ, რომ მათ აკავებდნენ ან რა იყო დაკავების მიზეზი. გარდა ამისა, შესაბამისად, მოქალაქეებს ისინი გამტაცებლები ეგონათ. ამასთან ოჯახი და ადვოკატი გატაცებულ სტუდენტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ ისე, რომ მათი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობილი არ იყო. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს ორი ახალგაზრდა დაკავებული იყო პოლიციის მიერ.
აღსანიშნავია, რომ დაკავებიდან მეორე დღეს ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ორივე მათგანი შსს-მ შეცდომით დააკავა და რეალურად ისინი სხვა პირს ეძებდნენ. ადვოკატები ასევე მიუთითებენ, რომ დაკავებულებს, დაკავების შემდეგ, ლაზერს ანათებდნენ თვალებში.
პოლიციის მიერ ჩადენილი ეს ქმედება შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) განსაზღვრულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ან 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
- პოლიტიზირებული პოლიცია
მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ასევე, მედიის მიერ საჯაროდ გავრცელებული კადრებით ცხადი ხდება ძალიან საგანგაშო გარემოება - პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიართ, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით გარანტირებულ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს და გარემოებაში დაკავებულები, მათ შორის წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები ერთხმად მიუთითებენ პოლიციის მიერ ძალადობის პარალელურად დაკავებულთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ. საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მტკიცებულებებიც ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან უარყოფით პოლიტიკურ შეხედულებებს აქციის მონაწილეების მიმართ, ისინი შედიან მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო, იყენებენ სიძულვილის ენას და პროვოცირებენ მათ.
- პოლიციის დანაშაულებრივი ქმედებების დაუსჯელობა
საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, პროტესტის მონაწილეთა, აქტივისტთა და ჟურნალისტთა მიმართ სამართალდამცავების თუ კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი ასობით ძალადობის არც ერთ ფაქტზე არავინ მიცემულა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 52 პირს. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ კი დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
- ძალადობა ნიღბიანი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებზე
26 იანვრის საღამოს გორში სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური სამმა ნიღბიანმა ქუჩიდან გაიტაცეს, მუქარის თანხლებით სცემეს და გაძარცვეს. აქტივისტი გატაცებისა და ცემის ფაქტს მის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს". - ნათქვამია განცხადებაში.





