NATO-მ დაადასტურა, რომ რუსეთი იარაღს მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანიის, Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობას გეგმავდა.
ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ ილაპარაკა:
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით NATO-ს ქვეყნებში საბოტაჟის მცდელობის მოწმეები. ვგულისხმობ, მატარებლების რელსებიდან გადავარდნას, ცეცხლის წაკიდებას, პოლიტიკოსების ქონებაზე თავდასხმას, შეთქმულებებს, სამრეწველო სფეროს ლიდერების მკვლელობის მიზნით, მაგალითად Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მკვლელობის დაგეგმვა".
აპატურაიმ აღნიშნა, რომ მკვლელობის მცდელობა გერმანიისა და აშშ-ს სპეცსამსახურებმა ჩაშალეს.
კომპანია Rheinmetall უკრაინის ჯარისთვის სხვადასხვა ტიპის იარაღს აწარმოებს, მათ შორის, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
პაპერგერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დასავლურ მედიაში, მათ შორის СNN-ში 2024 წლის ზაფხულში გავრცელდა.





