ევროკავშირი რუსეთში სათამაშო კონსოლების შეტანის აკრძალვას აპირებს, რათა შეაჩეროს რუსული არმიის მიერ კონსოლების დრონების მართვაში გამოყენება.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ისეთ პროდუქტებზე შეზღუდვა, როგორიც Sony-ის PlayStation-ი და Microsoft-ის Xbox-ია სანქციების ახალ პაკეტში მოხვდება, რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის 3 წლისთავზე, 22 თებერვალს გამოცხადდება.
"ჩვენ ვიკვლევთ ყველა ფაქტორს, რომელიც რუსეთს ამ ომის წარმოებაში ეხმარება, რათა ისინი სანქციების სიაში შევიტანოთ. სათამაშო კონსოლებსაც კი, რადგან როგორც ჩანს, ამ მოწყობილობების გამოყენებით ისინი დრონებს მართავენ". - აღნიშნა კალასმა.
აღსანიშნავია, რომ კონსოლების მწარმოებელმა სამმა უმსხვილესმა კომპანიამ Sony-მ, Microsoft-მა და Nintendo-მ რუსეთში გაყიდვები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში შეაჩერეს. ევროკავშირის აკრძალვის სამიზნე კი კომპანიები იქნება ვინც რუსეთში კონსოლებს აგზავნიან, მათ შორის, მეორადი გაყიდვების შემთხვევაში.





