ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ყველანაირი მტკიცებულების გარეშე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.
"ბაიდენის ადმინისტრაციამ, მათ პუტინის მოკვლა სცადეს, რაც სიგიჟეა. მაშინ რუსეთის მმართველი ვინ ხდება, რა ემართება ბირთვულ არსენალს იმ ქვეყანაში, რომელიც ისეთი რთულია, უცხოელებს ვერც კი ესმით". - თქვა კარლსონმა საკუთარი პოდკასტის ბოლო ეპიზოდში.
ამის თქმის შემდეგ კარლსონს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია, რომელიც მის მიერ გაკეთებული განცხადების ჭეშმარიტებას დაადასტურებდა.
კარლსონი Fox News-დან 2023 წელს გამოუშვეს, როდესაც ტელეარხს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო. საკუთარ პოდკასტში იგი ხშირად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებს და აკრიტიკებს უკრაინისადმი აშშ-ს სამხედრო დახმარებას.
2024 წლის თებერვალში მან მოსკოვში პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა, რაც აქტიურად გააშუქეს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულმა არხებმა და მედია სააგენტოებმა. ინტერვიუს დროს კარლსონს პუტინისთვის კრიტიკული კითხვები არ დაუსვია. მათ ასევე არ უხსენებიათ კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება, ან უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
კარლსონმა დეკემბერში ინტერვიუ ჩაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც, რომელშიც კარლსონი კვლავ მსუბუქი კითხვების დასმით შემოიფარგლა:





