NATO ბალტიის ზღვაში

შვედეთმა ბალტიის ზღვაში მონაცემთა კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი გემი დააკავა

შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ბალტიის ზღვაში ლატვიასთან საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი. მათი განცხადებით, პირველადი გამოძიება საბოტაჟის ნიშნებზე მიუთითებს. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელშიც შვედეთის პოლიცია, სამხედრო ძალები და სანაპირო დაცვა მონაწილეობენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვირას ლატვიის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ დაზიანების ზონაში ორი გემი დაფიქსირდა.

ეს სავარაუდო თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ნატომ ბალტიის ზღვაში ახალი მისია,  „ბალტიის გუშაგი“ დაიწყო. მისიის ამოქმედება ბოლო პერიოდში წყალქვეშა ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელებზე გახშირებულ თავდასხმებთანაა დაკავშირებული, რომელთაგან ზოგიერთის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს, იუწყება BBC.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს შვედეთთან და ნატოსთან ინციდენტზე რეაგირების მიზნით.

დაზიანებული კაბელი ლატვიის სახელმწიფო მაუწყებელს, LVRTC-ს ეკუთვნის. კომპანიის განცხადებით, მონაცემთა გადაცემის სერვისში „შეფერხებები“ დაფიქსირდა, თუმცა მომხმარებელზე გავლენა უმეტესად არ აისახება.

კომენტარები