პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვის შემთხვევაში, ორბანი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რომ ის "პუტინის გუნდში თამაშობს".
"თუ ვიქტორ ორბანი ომის გადამწყვეტ მომენტში მართლა დაბლოკავს ევროპულ სანქციებს, აბსოლუტურად ნათელი იქნება, რომ ამ დიდ თამაშში ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის, ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენს გუნდში. ამ ფაქტის თანმდევი ყველა შედეგით". - წერს პოლონეთის პრემიერმინისტრი X-ზე.
23 იანვარს მემარჯვენე პრორუსი პოპულისტი და ვლადიმირ პუტინის მოკავშირე უნგრელი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი დაიმუქრა, რომ ის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასახანგრძლივებელ სანქციებზე "ხელის მუხრუჭს ამოწევს", თუ ბრიუსელი უკრაინას არ დაარწმუნებს, რომ გაზსადენი, რომელსაც რუსული გაზი ცენტრალური ევროპის ქვეყნების და მათ შორის, უნგრეთის ტერიტორიაზე გადააქვს, ისევ გახსნას.
"ახლა, როდესაც [რუსეთისთვის დაწესებული] სანქციების გახანგრძლივების საკითხი დღის წესრიგში დგას, მე ხელის მუხრუჭი ჩავწიე და მივმართე ევროპელ ლიდერებს, რომ ეს აღარ შეიძლება, გაგრძელდეს. უნგრეთი არ უნდა იყოს იძულებული, ამ პროპორციებით გადაიხადოს სანქციების ფასი". - თქვა ორბანმა უნგრეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, 31 დეკემბერს უკრაინამ ევროპის ქვეყნებს რუსული გაზის მიწოდება შეუწყვიტა. აქამდე რუსული ბუნებრივი აირი ევროპას სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენებით მიეწოდებოდა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს კი ვადა ყოველი 6 თვის ბოლოს გასდით, რომელთა გახანგრძლივებისთვისაც ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო, მათ შორის, უნგრეთის.