მოქალაქე მაგდა ნემსაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც მისი თქმით, ნაძალადევის რაიონის N60 საბავშვო ბაგა-ბაღში მასწავლებელი მის ორი წლის შვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
ნემსაძემ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ ბაღების გაერთიანებას ჩანაწერში ასახული მასწავლებლების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა და დღეს მიიღო პასუხი, რომ "პირველი შემთხვევაა და ვერ გაათავისუფლებენ".
ბავშვის მშობელმა ტაბულას ასევე უთხრა, რომ აღნიშნული ვიდეოს გადაღების შემდეგ სხვა ბავშვების მშობლებთან ერთად დირექტორთან მივიდა, რომელმაც ბაღის კამერებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი აჩვენა, სადაც ჩანდა, რომ 2 წლის ბავშვს მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა.
"ვიდეო ჩემი გადაღებულია და ბავშვი, ვისი ხმაც ისმის ვიდეოში, ჩემი შვილია. ბაღების გაერთიანებიდან ახლახან გამოვედი, საჩივარი დავწერე და დღეს მივიღე პასუხი, რომ მასწავლებლებს ვერ გაუშვებენ სამსახურიდან, რადგან, როგორც მითხრეს, პირველი შემთხვევაა და ვერ გაათავისუფლებენ.
როდესაც ეს ვიდეო გადავიღე, ამის შემდეგ ბავშვი წამოვიყვანე სახლში, ჩავედი დირექტორთან, დირექტორს მე და 15-ვე მშობელმა მოვთხოვეთ, რომ ეს მასწავლებლები გაეშვა სამსახურიდან. ვუყურეთ ასევე ვიდეოჩანაწერს, რომელსაც ახლა გვიმალავენ და გვეუბნებიან, რომ წაშლილია, არ ვიცი ასეა თუ არა.
დირექტორმა მაშინ მოგვატყუა და გვითხრა, რომ ეს ადამიანები გაუშვა სამსახურიდან სამუდამოდ, თურმე აღმოჩნდა, რომ ერთი თვით უბრალოდ ჰყავდა უხელფასოზე და ახლა ისევ დააბრუნა იმავე ჯგუფში და ისევ მუშაობენ, ამ ეტაპზე.
მე დაზუსტებით ვიცი და ყველამ იცის, თემქაზე ყველა ყველას იცნობს და ზოგადად, დირექტორმაც მითხრა, რომ ეს მასწავლებელი გამგეობიდან არის გამოგზავნილი. არ ვიცი ვინ ჰყავს გამგეობაში, მაგრამ ამასაც აუცილებლად გავიგებ, და ამიტომ ვერ ხსნიან თანამდებობიდან. ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო, უბრალოდ მე არ მაქვს ვიდეოები, რადგან გადამალეს. თუმცა, იმ ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ მე და სხვა მშობლებმა, რომლებიც მოწმედ დამიდგებიან და იტყვიან როგორი ძალადობა იყო - ბავშვი ათრიეს, წაიქცა და ხელით გამოათრიეს". - უთხრა ტაბულას ნემსაძემ.
საბავშვო ბაღი
ბავშვი ათრიეს, წაიქცა და ხელით გამოათრიეს – მოქალაქის თქმით, ბაღში მის შვილზე იძალადეს
