21 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Silk Road-ის ონლაინ შავი ბაზრის დამფუძნებელი, როს ულბრიხტი შეიწყალა.
ულბრიხტს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი იატაკქევშა ონლაინ ბაზრის მართვისთვის. ამ პლატფორმის მეშვეობით ნარკოტიკების გამყიდველებმა და სხვა პირებმა ბიტკოინის გამოყენებით 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების უკანონო ვაჭრობას აწარმოებდნენ.
40 წლის როს ულბრიხტის გათავისუფლება, რომელიც 2013 წელს დააკავეს და 2015 წელს გაასამართლეს, ტრამპის წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირება იყო. ულბრიხტი სასჯელს არიზონას ფედერალურ ციხეში იხდიდა.
საქმის პროკურორები Silk Road-s უწოდებდნენ გლობალურ, შავ ბაზარს, რომელსაც 2011 წლიდან ორი წლის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ადამიანი 214 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების არალეგალური ნარკოტიკებისა და სხვა უკანონო სერვისების შესაძენად და გასაყიდად იყენებდა.
ტრამპის თქმით, შეწყალება არის "სრული და უპირობო". აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს თავად დაურეკა ულბრიხტის დედას, რათა ეს სიახლე მისთვის გაეზიარებინა.
ტრამპმა როს ულბრიხტის სასჯელის შემსუბუქების გეგმების შესახებ მიმდინარე წლის მაისში, ლიბერტარიანული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე გამოსვლისას განაცხადა. ლიბერტარიანული პარტია, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეა, ულბრიხტის გათავისუფლებას აქტიურად ემხრობოდა და საქმეს მთავრობის უფლებამოსილების გადაჭარბების მაგალითად მოიხსენიებდა.