რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

WP: რა ნივთები აქვთ თან ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს, რომლებიც კურსკის ოლქში იბრძვიან

მცირე ზომის ლექსიკონი უკრაინელებთან სალაპარაკოდ, საახალწლო წერილი კიმ ჩენ ინისგან, პირველადი დახმარების ბროშურა – The Washington Post-მა გაავრცელა, რა ნივთები და დოკუმენტები აქვთ თან ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს, რომლებიც კურსკის ოლქში იბრძვიან.

The Washington Post-მა ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებზე ინფორმაცია უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენლებისგან მიიღო, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის გარანტიით ესაუბრნენ.

მათი თქმით, უკრაინელი სამხედროები ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებისგან ამოღებულ ნივთებსა და დოკუმენტებს აგროვებენ, რათა უკეთ გაიცნონ ის სამხედროები, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინელ სამხედროებთან საუბარი ცხადყოფს, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები – მოტივირებულები, ორგანიზებულები, კარგად გაწვრთნილები და ხშირ შემთხვევაში რუს სამხედროებზე უკეთესად შეიარაღებულები არიან.

The Washington Post აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ნივთებისა და დოკუმენტების მოგროვება, რათა აჩვენოს ჩრდილოეთ კორეის მზარდი როლი უკრაინისა და რუსეთის ომში.

გამოცემა წერს, რომ მოპოვებული ნივთები და მტკიცებულებები დამატებით მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთულია უკრაინელებისთვის ჩრდილოკორეელი სამხედროების ტყვედ აყვანა, რადგან როგორც უკრაინელები აღნიშნავენ, რუსი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნებაყოფლობით ნებდებიან, ჩრდილოკორეელები სიკვდილამდე იბრძვიან, ტყვედ აყვანის საფრთხის ქვეშ დადგომისას კი ხელყუმბარის გამოყენებით თავს იკლავენ.

უკრაინელმა სამხედროებმა The Washington Post-ს აჩვენეს ის ნივთები, რომლებიც ჩრდილოკორეელი სამხედროებისგან ამოიღეს, მათ შორის, ლექსიკონი, რომელშიც 23 კორეული და რუსული ფრაზაა, ხელნაწერი საახალწლო წერილი, რომლის ავტორადაც კიმ ჩენ ინია მითითებული, ასევე, ჯავშანჟილეტი, პირველადი დახმარების პაკეტი, სამხედრო დოკუმენტები, ნიჩაბი, უკრაინული წარმოების დანა და ორი თანამედროვე რუსული წარმოების ცეცხლსასროლი იარაღი.

მიმდინარე თვეში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკანასკნელ კვირებში ომში 4 000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული ან დაჭრილი, მხოლოდ ორი კი ტყვედ აყვანილი. მისი თქმით, ორივე მამაკაცი დაჭრილია და კიევშია გადაყვანილი, სადაც მათ საპატიმრო დაწესებულებაში მათი დაკითხვა და მკურნალობა მიმდინარეობს.

კომენტარები