რუსული რეჟიმი

ცეცხლაძე: არ უთქვამთ, რომ სახაზინო ადვოკატი დამინიშნეს, ჩემი მხრიდან თანხმობა არ ყოფილა

რეჟიმის მიერ დაკავებული ზვიად ცეცლხაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებენ, რომ 11 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა სურდათ, მაგრამ მათ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ამის უფლება არ მისცა.

დაკავებულების თქმით, მათ უთხრეს, რომ პროცესი გადაიდო და ციხეში დააბრუნეს. 

როგორც TV პირველისთვის გაგზავნილ წერილში დაკავებულები წერენ, მათთვის არც ის უთქვამთ, რომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს. 

"სასამართლოდან პროტესტის ნიშნად გავედით. შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. დროებით საკანში გადაგვიყვანეს და ალბათ, ასე 40 წუთში დაგვაბრუნეს ციხეში. გვითხრეს, რომ სასამართლო გადაიდო. ისიც კი არ უთქვამთ, რომ სახაზინო ადვოკატი დამინიშნეს. ჩემი მხრიდან თანხმობა არ ყოფილა, სახაზინო ადვოკატიც ორდერის გარეშე შეუშვეს. 

თავად სახაზინო ადვოკატი კარგი პიროვნება ჩანს, თუმცა სასამართლოს მხრიდან ეს იყო ფორმალური პროტესტის უგულებელყოფაც. საბჭოთა მოსამართლეები უბრუნდებიან საბჭოთა ფესვებს. მსგავსი პრეცედენტების დანერგავ 1937 წლის სასამართლო სისტემამდე მიგვიყვანს." - წერს ზვიად ცეცხლაძე. 

როგორც დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერს, დარბაზის შეცვლის შემთხვევაში, მზად იყვნენ სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა მოსამართლემ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

"როგორც კი სასამართლო დარბაზიდან გამოვედით იმის გამო, რომ იყო უჰაერობა და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იჯდა, ცუდად გახდა, ჩვენ მაქსიმუმ ნახევარ საათში გადაგვიყვანეს ციხეზე მიუხედავად იმისა, რომ დარბაზის შეცვლის შემთხვევაში, მსურდა მეც და სხვებსაც ჩვენს პროცესში მონაწილეობის მიღება, რისი შესაძლებლობაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ მოგვცა". - წერს ჯავახიშვილი. 

ზვიად ცეცხლაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და კიდევ 6 პირის სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართა. ივანიშვილის სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა და შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

საპროტესტო აქციების ფარგლებში რეჟიმის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო სხდომაზე უჰაერობის გამო შეუძლოდ რამდენჯერმე გახდა.

მას სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია, რის გამოც მოსამართლემ სხდომა 15 წუთით შეაჩერა. 

მანამდე, რეჟიმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა ირაკლი მიმინოშვილისა და კიდევ იმ 7 პირის ადვოკატებმა რამდენჯერმე დააყენეს. რის შემდეგაც, პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. 

ადვოკატების და დაკავებულების მიერ სხდომის დატოვების შემდეგ, 5 დაკავებულს ზვიად ცეცხლაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს და ინასფ ალიერვს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნეს და პროცესი მათ გარეშე გაგრძელდა. 

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კეძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მათ 4-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები