შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ 1981 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ო.ფ., 1988 წელს დაბადებული თ.ჩ., 1985 წელს დაბადებული ს.ი., 1989 წელს დაბადებული ჰ.ო. და 1987 წელს დაბადებული ა.ქ. სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა.
ექვსივე პირი პოლიციამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავა. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.