Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთი თვის წინ ჩინეთის მიერ დაქირავებული ჰაკერების მიერ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე თავდასხმის დროს, დეპარტამენტის მდივნის, ჯენეთ იელენის კომპიუტერზე და მასში არსებულ საიდუმლო ფაილებზე მოიპოვეს წვდომა.
ინფორმაციას გამოცემა ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსნის კომპიუტერებზე მოიპოვეს წვდომა. დეპარტამენტის პრესსპიკერმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 31 დეკემბერს გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ჩინეთის მხარდაჭერილმა ჰაკერებმა უწყების სისტემებში შეაღწიეს და დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო კომპიუტერებსა და რიგ არასაიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა მოიპოვეს.
კონგრესმენებისთვის განკუთვნილ წერილში სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ ჩინეთში მყოფმა ჰაკერებმა კომპიუტერულ უსაფრთხოებას თავი მომსახურების მიმწოდებელი მესამე მხარის, კომპანია BeyondTrust-ის გასაღების გამოყენებით აარიდეს.
BeyondTrust, რომელიც სახაზინო დეპარტამენტის თანამშრომლებს დისტანციურ ტექნიკურ მხარდაჭერას აწვდიდა, ახლა ინტერნეტიდან გამოთიშულია. უწყების განცხადების თანახმად, არსებული მტკიცებულებებით, კომპანიის გამოთიშვის შემდეგ ჰაკერებს დეპარტამენტის ინფორმაციაზე წვდომა აღარ ჰქონიათ.
სახაზინო დეპარტამენტის თქმით, კიბერთავდასხმის შედეგების გამოძიებაზე ფედერალური გამოძიების ბიუროსთან (FBI) და სხვა სამსახურებთან ერთად მუშაობს.
მაღალჩინოსნების თქმით, წინასწარი გამოძიება მიუთითებს, რომ კიბერშეტევა "ჩინეთში დაფუძნებულმა ძლიერი მედეგი საფრთხის (APT) აქტორმა" განახორციელა.
სახაზინო დეპარტამენტის პოლიტიკის შესაბამისად, უწყება კიბერშეტევას "მსხვილ შემთხვევად" აფასებს.
BBC-სთან საუბრისას სახაზინო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ BeyondTrust-მა კიბერთავდასხმაზე უწყებას 8 დეკემბერს შეატყობინა. საეჭვო აქტივობა კომპანიამ პირველად 2 დეკემბერს შეამჩნია, თუმცა მას ჰაკერული თავდასხმის დასადგენად 3 დღე დასჭირდა.
გამოცემასთან საუბრისას სპიკერმა ასევე თქვა, რომ ჰაკერებს წვდომა დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის სამუშაო კომპიუტერზე და რამდენიმე არასაიდუმლო დოკუმენტზე ჰქონდათ. თუმცა, დეპარტამენტი არ აკონკრეტებს ამ დოკუმენტების შიგთავსს.
დეპარტამენტის წერილში ნათქვამია, რომ შემთხვევის შესახებ კონგრესმენებს 30 დღეში დამატებითი ანგარიში წარედგინებათ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა ბრალდებები „უსაფუძვლოდ“ მოიხსენია და უარყო.
"ჩინეთი თანმიმდევრულად უპირისპირდება ჰაკერობის ყველა ფორმას და მტკიცედ ემიჯნება ცრუ ინფორმაციას, რომელსაც ჩინეთი პოლიტიკური მიზნებისთვის მიზანში აქვს ამოღებული". - თქვა მაო ნინგმა.