ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ კუბას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების (SST) სიიდან ამოიღებს იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც კუბაში რეჟიმმა 2021 წლის საპროტესტო აქციების ფარგლებში დააპატიმრა.
ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ კუბა ტრამპის ადმინისტრაციამ 2021 წელს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, ისინი გადაწყვეტილების შესახებ კონტაქტზე არიან ტრამპის გუნდთან.
"ეს საკითხი იმ საკითხებს შორისაა, რომლების შესახებაც ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს". - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციიდან ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბრიფინგზე ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ უწყვეტად განიხილავს ტერორიზმის სპონსორად დასახელებულ სახელმწიფოებს, თუმცა კუბის შემთხვევაში ადმინისტრაციას საკმარისი მტკიცებულება ან ინფორმაცია არ აქვს, რომელიც დაადასტურებდა, რომ კუბა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა.
მათ ასევე დაამატეს, რომ აშშ-მ მრავალი დიპლომატიური მოთხოვნა მიიღო წოდების მოხსნის შესახებ, მათ შორის, კოლუმბიისგან, ბრაზილიისგან, ჩილესგან, კანადისგან და ევროკავშირისგან.
ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კათოლიკურმა ეკლესიამაც.
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისის საპროტესტო აქციების ფარგლებში კუბაში რეჟიმმა პროტესტის 671 მონაწილე დააკავა.
"ჩვენ მოველით, რომ [აღნიშნულ დაკავებულთა] გათავისუფლება ძალიან მალე მოხდება და ჩვენ ასევე მოველით, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც კუბაში პატიმრობიდან გათავისუფლდებიან 20 იანვრამდე, ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის დასრულებამდე". - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციიდან.