რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

CNN: ტრამპის გუნდი $300-მილიარდიანი რუსული აქტივების კრემლის წინააღმდეგ გამოყენებას ემხრობა

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია დარჩენილ დღეებში 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაციას ცდილობს, რათა რუსეთ-უკრაინის სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში კრემლის წინააღმდეგ ბერკეტად გამოყენება შეძლოს. ინფორმაციას გამოცემას ბაიდენის ადმინისტრაციიდან 2 ანონიმური ოფიციალური პირი აწვდის. 

როგორც CNN წერს, ბაიდენის მთავარი თანაშემწეები მუშაობენ, რათა ევროპელი პარტნიორები დაარწმუნონ 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები პირობითი დეპონირების ანგარიშზე გადატაზე, რომლის ბედსაც სამომავლოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა განსაზღვრავს. აღნიშნული ოდენობის თანხა რუსეთის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის და ის თავდაპირველად 3 წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაიყინა. 

თანხების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ევროპულ ბანკებშია, ამერიკულ ბანკებში გაყინული აქტივების მხოლოდ ნაწილი რჩება. 

როგორც ერთ-ერთი ანონიმური მაღალჩინოსანი CNN-ს ეუბნება, აქტივების კონფისკაცია მოსკოვისთვის მარტივი გზავნილის როლს შეასრულებდა: "თუ ფულის დაბრუნება გსურთ, მოგიწევთ, მოხვიდეთ და დავილაპარაკოთ". 

CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები საკითხზე კონსულტაციებს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გადიოდნენ, მათ შორის, სენატორ მარკო რუბიოსთან ერთად, რომელიც ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა და კონგრესმენ მაიკ უოლცთან ერთად, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი გახდება. 

ტრამპის გუნდი, საკითხში კომპეტენტური წყაროების ცნობით, ზოგადად, მხარს უჭერს ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიას. გუნდში სჯერათ, რომ გაყინული თანხების კონფისკაცია რუსეთს ახალ ინიციატივას მისცემს, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ტრამპთან ერთად, რომელსაც ომის სწრაფად დასრულება სურს და მიიჩნევს, რომ იგი ზედმეტად დიდი ხანია, გრძელდება. 

თუმცა, როგორც CNN წერს, ევროპელები ბაიდენის ადმინისტრაციის იდეას სკეპტიკურად უყურებენ და ეჭვობენ, რომ ბანკების მიერ გაყინული რუსული აქტივების პირდაპირი კონფისკაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. 

კომენტარები