რუსული კანონის აქციებზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო, შემდეგი პროცესის თარიღად 20 იანვარი ჩაინიშნა.
პროცესის გადადების საფუძველი ამჯერად დაცვის მხარის მიერ საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის დაყენების სურვილი გახდა, რათა მუხლიდან ჯგუფური ძალადობის ნაწილი გაქრეს.
ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატის, დავით გამყრელიძის ცნობით, შესაძლოა, ნაწილობრივი აღიარებით მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება.
"დღეს პროკურატურამ გადმოდგა ერთი ნაბიჯი და თქვა, რომ წინამორბედ ადვოკატებს არც ერთხელ არ მოუმართავთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. შესაძლოა, პროკურატურა შემოვიდეს ამ ბავშვების მდგომარეობაში და ნაწილობრივი აღიარებით გადაკვალიფიცირდეს მუხლი პირველ ნაწილზე". - თქვა გამყრელიძემ.
14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.