სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დასახმარებლად კურსკის ოლქში ჩასული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა.
ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთ კორეის პარლამენტარმა, ლო სონგ-კუნმა აღნიშნა, რომ ომში გარდაცვლილია დაახლოებით 300 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, 2700 კი დაშავებულია.
სონგ-კუნმა, სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურზე (NIS) დაყრდნობით, ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს, როგორც ჩანს, ტყვეობაში ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად თავის მოკვლის ბრძანება აქვთ მიღებული. ამაზე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გვამებთან აღმოჩენილი მემორანდუმები მიუთითებს.
"დაღუპულთა მემორანდუმებში მითითებულია, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება,ტყვედ ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას თვითმკვლელობაზე და თვითგანადგურებაზე. ჯარისკაცებს კი ჰქონდათ ბუნდოვანი მოლოდინი, რომ ან შეუერთდებოდნენ მუშათა პარტიას, ან მიიღებდნენ შეწყალებას" - თქვა ლიმ.
ამასთან ერთად, 12 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი მზად არის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მათ ლიდერს, კიმ ჩენ ინს, რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელების დაბრუნების სანაცვლოდ გადასცეს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ იმ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისთვის, რომლბსაც სამშობლოში დაბრუნება არ სურთ, სხვა შესაძლებლობები მიეცემათ: "მათ, ვისაც სურვილი ექნებათ, კორეულ ენაზე ამ ომის სიმართლის გავრცელებით ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას, მიეცემათ ეს შესაძლებლობა" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.