ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მემარცხენე კანდიდატმა, რომელიც უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგ გამოდის ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა.
მილანოვიჩმა, რომელიც ხორვატიის მოქმედი პრეზიდენტი იყო ამომრჩეველთა ხმების 74% მიიღო, მისმა მეტოქემ, დრაგან პრიმორაცმა ორჯერ ნაკლები ხმა მიიღო.
მილანოვიჩი უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსია. ხორვატიაში პრეზიდენტს კანონპროექტებზე ვეტოს დადება არ შეუძლია, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში გავლენა აქვს.
გარდა ამისა, ახლადარჩეული პრეზიდენტი კონსერვატორი პრემიერმინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს და მის მთავრობის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს.
მილანოვიჩი ხორვატიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, მას პოლიტიკურ ოპონენტებისადმი აგრესიული დამოკიდებულების გამო ხშირად "ხორვატ ტრამპსაც" უწოდებენ.
მოქმედმა პრეზიდენტმა პირველ ტურშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა, მას მხოლოდ 1% ანუ დაახლოებით 5 000 ხმა დააკლდა.
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მზრდადი ინფლაციის, კორუფციული სკანდალებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის ფონზე ჩატარდა.
მილანოვიჩი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ხშირად აკრიტიკებდა ევროკავშირს.
"ეს არ არის ის თანამედროვე ევროპა, რომელშიც მსურს ვიცხოვრო და ვიმუშაო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ევროპა შევცვალო, რამდენად ეს შეუძლია პატარა ქვეყნის პრეზიდენტს". – ამბობდა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მილანოვიჩი.
პრემიერმინისტრის პარტიის კანდიდატი პრიმორაცი განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრია, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე კენჭი პირველად 2009 წელს იყარა.
"მე და ზორან მილანოვიჩს სხვადასხვა სულიერი, მორალური, პროფესიონალური ფასეულობები გვაქვს. არჩევანი მოქალაქეებმა გააკეთეს, დემოკრატიული გზით, ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ". – თქვა დამარცხებულმა კანდიდატმა.





