სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა 12 იანვარს სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ სერბეთი ოფიციალურად შესთავაზებს აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაზე მოლაპარაკებები სერბეთში გაიმართოს.
ტრამპმა 9 იანვარს განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრაზე სამზადისი მიმდინარეობდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. იგივე გაიმეორა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალმა მრჩეველმა, მაიკ უოლცმაც.
"შეთანხმებას ვერ მიაღწევ, თუკი რაიმე სახის ურთიერთობა ან დიალოგი არ გაქვს მეორე მხარესთან და ჩვენ აუცილებლად დავამყარებთ ამას მომდევნო თვეებში". - თქვა უოლცმა.
ვუჩიჩის თქმით, სერბეთი მზადაა უმასპინძლოს სამომავლო შეხვედრებს და შეუძლია, შესაფერისი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს ორივე ლიდერს.
"ქვეყანა არ არის, რომელიც შეედრება სერბეთს პრეზიდენტი ტრამპისადმი მხარდაჭერის დონის მხრივ. [...] და მეორე მხრივ, ეს ის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი პუტინი კვლავ ძალიან, ძალიან პოპულარულია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიოში ის ადგილია, რომელიც ძალზე შესაფერისი იქნება ორივე მათგანისთვის". - თქვა ვუჩიჩმა.
ამას გარდა, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის გამართვის მასპინძლობაზე სურვილი შვეიცარიამაც გამოთქვა. Le Temps-ის ცნობით, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნიკოლა ბიდომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანა მზად არის, ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გამართოს.





