აშშ-რუსეთი

ტრამპის თქმით, მისი და პუტინის შეხვედრის დაგეგმვაზე მუშაობენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი G20 სამიტის პარალელურად გამრთულ შეხვედრაზე. ოსაკა, იაპონია, 2019 წლის 28 ივნისი
Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს. 

ამასთან დაკავშირებით დონალნდ ტრამპმა 9 იანვარს, ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. მისი თქმით, პუტინმა შეხვედრის სურვილი საჯაროდაც გამოთქვა და მასთან შეხვედრას ამზადებენ.

"მან [პუტინმა] ეს საჯაროდაც კი თქვა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს სისხლიანი არეულობაა" - ციტირებს ტრამპს BBC.

აშშ-ს პრეზიდენტს პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია.

კრემლს ტრამპის ამ სიტყვებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა წინა დღეს პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ, კვლავაც შეინარჩუნებს განზრახვას დაუკავშირდეს რუსეთის პრეზიდენტს, მოსკოვი ამას მხოლოდ მიესალმება.

"თუ თანამდებობის დაკავების შემდეგ პოლიტიკური ნება უმაღლეს დონეზე კონტაქტების აღდგენის სურვილთან დაკავშირებით შენარჩუნდება, პრეზიდენტი პუტინი ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიესალმება"  - თქვა პესკოვმა.

კომენტარები