Azerbaijan Airlines

აზერბაიჯანი: რუსეთი თვითმფრინავის ჩამოვარდნაში დამნაშავეების პოვნასა და დასჯას გვპირდება

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

გენერალური პროკურატურის თქმით, რუსეთი მზად არის გამოიძიოს საქმე, იპოვოს და დასაჯოს დამნაშავეები.

"თვითმფრინავ Embraer 190-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, გენერალური პროკურორი კამრან ალიევი ავიაკატასტროფის პირველივე დღიდან ყაზახ კოლეგასთან, ბერიკ ასილოვთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტირკინთან და გენერალურ პროკურორთან, იგორ კრასნოვთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

 ბასტირკინმა კამრან ალიევს შეატყობინა, რომ შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზებს დეტალურად გამოიკვლევს. 

2024 წლის 25 დეკემბერს, Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. თვითმფრინავთან კავშირი რუსეთის საჰაერო სივრცეში დაიკარგა, ეკიპაჟმა კურსი შეცვალა, კასპიის ზღვას გადაუფრინა და ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში ავარიული დაშვება სცადა. მფრინავის მცდელობის მიუხედავად, თვითმფრინავი მიწას დაეჯახა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ასევე შეჯახების შედეგად მოხდა აფეთქება. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, მათ შორის ორივე პილოტი, გადარჩა 26 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.

ავიაკატასტროფიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავმა გაეთიშა GPS-ი, რაც სპეციალისტების ვარაუდით ნავიგაციის დამხშობი ელექტრო სიგნალით იყო გამოწვეული, რომელსაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა დრონების მოსაგერიებლად იყენებს. გარდა ამისა, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ეტყობა ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის კვალი, სავარაუდოთ რუსეთის საჰაერო თავდაცვას აზერბაიჯანული თვითმფრინავი უკრაინული დრონი ეგონა და ბორტს მიწა-ჰაერის ტიპის ჭურვი ესროლა. ჩამოვარდნის ვერსიას ზურგს უმაგრებს ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკრაინული დრონების იერიშს იგერიებდა.

ინციდენტს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც რუსეთისგან ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა:

"პირველ რიგში, რუსეთმა აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. შემდეგ ბრალი უნდა აღიაროს. შემდეგ კი, დასაჯოს დამნაშავეები, დააკისროს მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და კომპენსაცია გადაუხადოს როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ისე დაზარალებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნები". 

კომენტარები