აშშ-ირანი

Axios: ბაიდენმა ირანის მიერ ბირთვული იარაღის დამზადების შემთხვევაში იერიშის გეგმები განიხილა

 Drew Angerer/Getty Images

გამოცემა Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო იერიშის ვარიანტები წარუდგინა, იმ შემთხვევისთვის, თუ 20 იანვრამდე ირანი ბირთვული შეიარაღების დამზადებას დაიწყებს. 

Axios წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აქამდე გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარდა, ბაიდენს იერიშის ვარიანტისთვის თანხმობა არ მიუცია. 

გამოცემა წერს, რომ ბაიდენმა და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. 

აშშ-ს დაუსახელებელმა მაღალჩინოსანმა Axios-თან საუბრისას თქვა, რომ თეთრ სახლში შეხვედრა ახალი ინფორმაციის მოპოვების გამო არ მოუწყვიათ. მისივე თქმით, შეხვედრის მიზანს ბაიდენისგან რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე დასტური ან უარი არ წარმოადგენდა, არამედ განიზრახავდა "სცენარების კეთილგონივრული დაგეგმვას" იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი უნდა ჰქონდეს აშშ-ს იმ შემთხვევაში, თუ 20 იანვრამდე ირანი ურანს 90%-მდე გაამდიდრებს.

ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ ამჟამად თეთრ სახლში ირანის ბირთვული ობიექტებზე შესაძლო იერიშის შესახებ აქტიური დისკუსია არ მიმდინარეობს. 

როგორც Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, სალივანმა ბაიდენს ურჩია, რომ ირანის დასუსტებული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო შესაძლებლობები, რეგიონში მისი მხარდაჭერილი დაჯგუფებების დასუსტებასთან ერთად, წარმატებული იერიშის ალბათობას ზრდის და ირანის მხრიდან პასუხისა და რეგიონში ესკალაციის რისკს ამცირებს. 

დეკემბერში სალივანმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე ცნობები მიაწოდა.

"მათ შეიძლება განსხვავებული კურსი, განსხვავებული სტრატეგია აირჩიონ, მაგრამ მსურს დავრწმუნდე, რომ საერთო საფუძვლიდან ვიწყებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის წინაშე ვდგავართ ირანის ბირთვული პროგრამის მხრიდან შექმნილი საფრთხის თვალსაზრისით". - თქვა სალივანმა. 

მანამდე, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენა აზრს კარგავს, რადგან თეირანი უკვე ფაქტობრივად ატომურ სახელმწიფოდ გადაქცევის ზღვარზეა.

გროსის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს ირანთან ბირთვული განიარაღების ახალი ნაბიჯები, რაც შეესაბამება არსებულ "ახალ რეალობას".

ირანული გამომცემლობა IRNA-ს თანახმად, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი ატომური ენერგიის ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ეყრდნობა, ირანი "სხვადასხვა ტიპის ახალი და მოწინავე ცენტრიფუგების დიდი რაოდენობის" გააქტიურებას გეგმავს. ცენტრიფუგა ხელსაწყოა, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება. გამდიდრებული ურანით აწარმოებენ საწვავს, თუმცა ის ასევე გამოიყენება ბირთვული იარაღის შექმნისთვის.

ირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის სურვილს და აცხადებს, რომ მისი პროგრამები მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა. თუმცა, IAEA-ს და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, ირანს 2003 წლამდე ჰქონდა ორგანიზებული სამხედრო ბირთვული პროგრამა, ხოლო ისრაელი ამტკიცებს, რომ თეირანს არასდროს აუღია ხელი ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე.

კომენტარები