აშშ

აშშ-ში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 19 ადამიანი

AP video by Eugene Garcia

აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე ქალაქ ფულერტონში მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოო შენობას შეეჯახა, რომელშიც, სულ მცირე, 200 ადამიანი მუშაობდა. შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, დაშავებულები კი შენობის შიგნით იყვნენ.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საავადმყოფოში 11 ადამიანი არის გადაყვანილი, 8-ს კი მკურნალობა ადგილზევე ჩაუტარდა.  

ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის, FlightAware-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ფულერტონის მუნიციპალური აეროპორტიდან აფრენიდან შენობას 2 წუთზე ნაკლებ დროში შეეჯახა.

ფულერტონის პოლიციის სპიკერის, კრისტი უელსის თქმით, ადგილზე პოლიცია და მეხანძრეები მივიდნენ და მიმდებარე ტერიტორიის ევაკუაცია ჩაატარეს. 

შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, ავეჯის გადასაკრავი მასალის მწარმოებელ კომპანიას, Michael Nicholas Designs-ს ეკუთვნოდა.

ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია შემთხვევის გამოძიებას ატარებს. ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავი Van's Aircraft-ის RV-10 მოდელი იყო. გამოძიებას აშშ-ს ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭოც ატარებს. 

კომენტარები