აშშ

ლას-ვეგასში ტრამპის სასტუმროსთან Cybertruck-ის აფეთქებას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2 იანვარს ლას-ვეგასში Trump International Hotel-ის შესასვლელთან Tesla-ს მანქანა Cybertruck აფეთქდა. აფეთქების შედეგად მანქანაში მჯდომი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო აფეთქების ადგილთან ახლოს მყოფი რამდენიმე პირი დაშავდა.

როგორც NBC News წერს, სამი მაღალი რანგის სამართალდამცავის ინფორმაციით, აფეთქება განიხილება, როგორც შესაძლო ტერორისტული თავდასხმა.

Reuters-ის ინფორმაციით, FBI-ის სპეციალურმა აგენტმა, ჯერემი შვარცმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჯერ კიდევ ზუსტად ცნობილი არ არის, იყო თუ არა აფეთქება ტერორისტული აქტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ FBI-მ დაადგინა მსხვერპლის ვინაობა, თუმცა, მისი თქმით, მძღოლის იდენტობის საჯაროდ გამჟღავნება ჯერჯერობით ადრეა. FBI-ს ინფორმაციით, მძღოლმა მანქანა კოლორადოში იქირავა.

აფეთქებას ილონ მასკიც გამოეხმაურა, მისი თქმით, აფეთქება მანქანის გაუმართაობის ბრალი არ ყოფილა:

"ჩვენ ახლა დავადგინეთ, რომ აფეთქება გამოწვეული იყო ნაქირავები Cybertruck-ის სატვირთო ნაწილში მოთავსებული ძალიან დიდი ფეიერვერკით ან ბომბით და თვითონ მანქანასთან კავშირში არ არის. აფეთქების დროს მანქანის ყველა ტელემეტრიული მონაცემი ნორმაში იყო" - წერს მასკი თავის X-ზე.

საღამოს მიმართვაში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები იძიებენ ვერსიას ამ ინციდენტის კავშირის შესახებ ახალი წლის ღამეს ნიუ ორლეანში მომხდარ შემთხვევასთან.

ერთი დღით ადრე, ნიუ ორლეანში, ბურბონ სტრიტზე დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ახალი წლის აღსანიშნავად შეკრებილ ხალხში შევარდა, რასაც სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა.

კომენტარები