2024 წელი

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოში

2024 წელი

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოში

იანვარი

იანვარი 1 | მიწისძვრა იაპონიაში

ახალი წლის დღეს იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამიც გამოიწვია. დაიღუპა, სულ მცირე, 475 ადამიანი.

იანვარი 2 | ინციდენტი იაპონიის აეროპორტში

იაპონიის ერთ-ერთ აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე სამგზავრო თვითმფრინავსა და იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შორის შეჯახება მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.

იანვარი 13 | არჩევნები ტაივანში

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა. ლაი და მისი პარტია ტაივანის დამოუკიდებელ იდენტობას უჭერენ მხარს და ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფენ.

იანვარი 28 | აშშ-ს ბაზაზე თავდასხმა იორდანიაში

იორდანიაში აშშ-ს ბაზაზე დრონებით მიტანილ იერიშს სამი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-ზე მეტი მათგანი კი დაიჭრა, რაც მტრულ მოქმედებებში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის პირველი შემთხვევაა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ.

The Associated Press

 

თებერვალი

თებერვალი 2 | აშშ-ს საპასუხო დარტყმა

აშშ-მ იორდანიაში 3 ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შემდეგ, სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისა და თავად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 85-ზე მეტ სამიზნეზე იერიშები მიიტანა.

თებერვალი 15 | სროლა კანზას-სიტიში

კანზას-სიტიში სუპერ ბოულში ადგილობრივი გუნდის, Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაიჭრა. თავდასხმის გამო ორ მოზარდსა და ორ ზრდასრულსა და ორ მოზარდს ბრალი წარუდგინეს.

თებერვალი 16 | პატიმრობაში ნავალნის დაღუპვა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციმბირის ციხეში პატიმრობაში დაიღუპა.

SOPA Images

თებერვალი 23 | ხანძარი ვალენსიაში

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 - დაშავდა.

 

მარტი

მარტი 7 | შვედეთი NATO-ში გაწევრიანდა

შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.

მარტი 17 | ისლანდიაში ვულკანი ხელმეორედ ამოიფრქვა

დეკემბრის თვიდან მოყოლებული ისლანდიაში ვულკანი მეოთხედ ამოიფრქვა. ამოფრქვევა მეთევზეების ქალაქ გრინდავიკის მიმდებარედ დაიწყო, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მიმდინარეობდა. იანვრის თვეში მომხდარი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ამავე ქალაქში რამდენიმე სახლის დაიწვა

მარტი 23 | ტერაქტი რუსეთში

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 145 ადამიანი დაიღუპა.

Maxim Shemetov, REUTERS

მარტი 26 | ხიდის ჩამონგრევა ბალტიმორში

აშშ-ს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში კონტეინერსაზიდი გემი DALI ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს დაეჯახა და ჩამოანგრია.

 

აპრილი

აპრილი 13 | ისრაელმა ირანის იერიში მოიგერია

ირანმა პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში ისრაელზე. თავდასხმის ფარგლებში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვა, თუმცა, ისრაელმა, აშშ-მ და სხვა მოკავშირეებმა მათი მოგერიება შეძლეს.

აპრილი 16 | წყალდიდობა დუბაიში

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობები მოხდა, რასაც ფრენების გადადება მოჰყვა.

აპრილი 20 | აშშ-ს $95-მილიარდიანი დახმარება უკრაინა/ისრაელს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. $95-მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან $61 მილიარდი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, დანარჩენი კი რეგიონული პარტნიორებისთვის, მათ შორის, $26 მილიარდი - ისრაელისთვის.

 

მაისი

მაისი 9 | საპროტესტო აქციები სომხეთში

ერევანში სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბური აქციები გაიმართა. საპროტესტო ტალღას სომხური სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი უძღვებოდა.

მაისი 15 | სლოვაკეთის პრემიერის მკვლელობის მცდელობა

სლოვაკეთის პრემიერმინისტრს, რობერტ ფიცოს ქალაქ ჰანდლოვაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში მწერალმა და აქტივისტმა იულაი ცინტულამ 5-ჯერ ესროლა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მაისი 19 | ირანის პრეზიდენტი ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი გადაჰყვდა, ჩამოვარდა. მომდევნო დღეს დადასტურდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

 

ივნისი

ივნისი 3 | მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი

კლაუდია შეინბაუმმა არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ივნისი 6-9 | ევროპარლამენტის არჩევნები

ევროკავშირის 27 ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. 2024 წლის არჩევნებში აქტივობა ბოლო 2 ათწლეულში ყველაზე მაღალი იყო. არჩევნების შედეგად, მოლოდინების მიუხედავად, ევროპარლამენტში ძალთა ბალანსი და პოლიტიკური კონფიგურაცია რადიკალურად არ შეცვლილა.

ივნისი 25 | ასანჟი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა

Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფო მას შემდეგ დატოვა, რაც აშშ-ს ხელისუფლებასთან საპროცესო გარიგება დადო, რომლის ფარგლებშიც მან დანაშაული აღიარა და შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.

Roni Bintang/Getty Images

ივნისი 28 | ტრამპისა და ბაიდენის საპრეზიდენტო დებატები

აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი დებატები გამართეს.

 

ივლისი

ივლისი 4 | არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში

გაერთიანებულ სამეფოში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გახდა.

ივლისი 7 | არჩევნები საფრანგეთში

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი "ახალი სახალხო ფრონტი" გავიდა, მეორე ადგილი მაკრონის კოალიციამ დაიკავა, ხოლო მესამეზე მარინ ლე პენის "ეროვნული ერთობა" გავიდა.

ივლისი 13 | ტრამპის მკვლელობის მცდელობა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.

EVAN VUCCI/AP

ივლისი 21 | ბაიდენი არჩევნებს გამოეთიშა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მხარდაჭერა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადა.

ივლისი 26 | პარიზის ოლიმპიური თამაშები

პარიზში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა.

REUTERS/Hannah Mckay

ივლისი 22-27 | ვაგნერის მარცხი მალიში

მალიში კსკ ვაგნერს ჩასაფრება მოუწყვეს, რომლის ფარგლებშიც ათეულობით ვაგნერელი მოკლეს, მათ შორის, დანაყოფის მეთაურიც.

ივლისი 29 | არჩევნები ვენესუელაში

საპრეზიდენტო არჩევნებში ვენესუელის საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ არჩევნებში ხმათა 51%-ით გაიმარჯვა, რასაც ქვეყანაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეტაკებები მოჰყვა. აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონზალესი აღიარა. მადურო გამარჯვებულად არ აღიარა ევროკავშირმაც.

ივლისი 31 | ისრაელმა თეირანში ჰამასის ლიდერი მოკლა

თეირანში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დეკემბერში პირველად დაადასტურა, რომ მკვლელობის უკან ისრაელი იდგა.

 

აგვისტო

აგვისტო 4 | უკრაინული F-16-ები

ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები, რომლებიც კიევმა ევროპელი პარტნიორებისგან მიიღო, უკრაინაშია.

Sergei Supinsky/AFP/Getty Images

აგვისტო 5 | დემონსტრაციები ბანგლადეშში და მთავრობის გადაყენება

ბანგლადეშში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რასაც ქვეყანაში დაახლოებით 1 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის პრემიერმინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. იგი თანამდებობას 2009 წლიდან იკავებდა.

აგვისტო 6 | უკრაინის საბრძოლო მოქმედებები რუსეთის კურსკის ოლქში

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში მდებარე კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევა შეძლეს და პირველ დღესვე ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

 

სექტემბერი

სექტემბერი 10 | ტრამპისა და ჰარისის საპრეზიდენტო დებატები

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს შორის საპრეზიდენტო დებატები გაიმართა მას შემდეგ, რაც ივლისში ჯო ბაიდენმა რბოლიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

სექტემბერი 15 | ტრამპის მკვლელობის მეორე მცდელობა

ფლორიდაში ტრამპის გოლფის მოედნის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღით სროლა მოხდა, რაც FBI-ის თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მეორე მცდელობა იყო. აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა ტრამპის ეროვნული გოლფის მოედნის გარეთ AK-47-ით შეიარაღებული პირი დაინახეს, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გახსნეს, ხოლო ეჭვმიტანილი ადგილიდან შავი ფერის მანქანით გაიქცა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს.

სექტემბერი 17 | ისრაელის "პეიჯერების ოპერაცია"

ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. "პეიჯერების ოპერაციის" ფარგლებში, ჰეზბოლას უკანა ეშელონის 3 000-მდე თანამდებობის პირი და წევრი დაიღუპა ან დაიჭრა.

სექტემბერი 27 | ისრაელის მიერ ჰასან ნასრალას მკვლელობა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. როგორც როგორც შემდგომში გაირკვა, დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.

 

ოქტომბერი

ოქტომბერი 1 | ლიბანში ისრაელის სახმელეთო მოქმედებები ჰეზბოლას წინააღმდეგ

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. IDF-მა განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ოპერაცია ლიმიტირებული და ლოკალური იქნებოდა.

ოქტომბერი 1 | ირანის თავდასხმა ისრაელზე

ირანმა ისრაელზე იერიში 181 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. ისრაელმა, აშშ-მ და რეგიონულმა პარტნიორებმა ობიექტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა განაცხადა, რომ ირანზე ისრაელის საპასუხო იერიში "სასიკვდილო, ზუსტი და გამორჩეულად საკვირველი იქნება".

ოქტომბერი 1 | რუტემ სტოლტენბერგი NATO-ს გენმდივნად ჩაანაცვლა

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრმა, მაკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი ჩაანაცვლა.

ოქტომბერი 13 | SpaceX-მა Starship-ის რაკეტა წარმატებით დაიჭირა

ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის SpaceX-მა რაკეტა Starship-ის, ისტორიაში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემის, რიგით მეხუთე სატესტო გაფრენა წარმატებით შეასრულა. სატესტო ფრენის ფარგლებში პირველივე მცდელობაზე წარმატებით დაიჭირეს რაკეტის Super Heavy ბუსტერი, რომელიც რაკეტის ქვედა ნაწილს შეადგენს და მას გაფრენაში ეხმარება.

ოქტომბერი 16 | ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარი მკვლელობა

ისრაელმა ღაზაში ერთ-ერთი შეტაკებების დროს 3 ტერორისტი მოკლა. მოგვიანებით, ისრაელის მხარემ დაადასტურა, რომ მოკლულებს შორის ერთ-ერთი ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, იაჰია სინვარი იყო.

ოქტომბერი 18 | ჩრდილოკორეელი სამხედროები უკრაინაში

სამხრეთ კორეის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მომდევნო თვეებში სიმართლე აღმოჩნდა.

ოქტომბერი 26 | ისრაელის საპასუხო იერიში ირანზე

ისრაელმა ირანზე საპასუხო იერიში მიიტანა. ისრაელის ცნობით, დარტყმების სამიზნე ირანში სამხედრო ობიექტები იყო, რაც პასუხია "ბოლო თვეებში ირანული რეჟიმის უწყვეტ თავდასხმებზე ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ".

ოქტომბერი 31 | წყალდიდობები ვალენსიაში 

ესპანეთის ვალენსიის რეგიონში მომხდარი წყალდიდობების შედეგად 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ცუდი წყალდიდობები გამოიწვია.

Alberto Saiz/The Associated Press

 

ნოემბერი

ნოემბერი 3 | ირანელი სტუდენტის პროტესტი

ირანში სტუდენტი გოგო დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. მოგვიანებით, ირანის სასამართლოს სპიკერმა განაცხადა, რომ სტუდენტის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა და ის ოჯახს გადასცეს.

ნოემბერი 4 | არჩევნები მოლდოვაში

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. სანდუმ ხმების 55.4% მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ, პრორუსმა პოპულისტმა კანდიდატმა, ალექსანდრ სტოიანოგლომ კი ხმების 44.6% მიიღო.

ნოემბერი 5 | ტრამპის გამარჯვება

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მოიპოვა, ხოლო ჰარისმა - 226. ამასთანავე, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა.

ნოემბერი 17 | აშშ-მ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებზე შეზღუდვა მოუხსნა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

ნოემბერი 21 | რუსეთმა უკრაინაში "ორეშნიკი" გამოიყენა

რუსეთმა უკრაინაში პირველად გამოიყენა ახალი საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა (IRBM) "ორეშნიკი" მას შემდეგ, რაც აშშ-მ უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვა მოუხსნა.

დეკემბერი

დეკემბერი 3 | სამხედრო მდგომარეობა სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა. სამხედრო მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე საათით გაგრძელდა, ხოლო გადაწყვეტილების პასუხად ეროვნულმა ასამბლეამ 27 დეკემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.

დეკემბერი 4 | საფრანგეთის მთავრობა უნდობლობის გამოცხადების შედეგად დაიშალა

საფრანგეთის პრემიერმინისტრის მიშელ ბარნიეს მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადების შემდეგ დაიშალა.

დეკემბერი 4 | CEO-ს მკვლელობა აშშ-ში

ნიუ იორკში ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიის, UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორი, ბრაიან ტომფსონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცველებმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ალტონეში ტოფსონის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ლუიჯი მანჯონე დააკავეს.

დეკემბერი 7 | ნოტრ დამის ხელახლა გახსნა

ხუთწლიანი სარესტავრაციო სამუშაოები შემდეგ, საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალი გახსნის ცერემონია გაიმართა.

Christophe Petit Tesson, AFP Via Getty Images

დეკემბერი 8 | ასადის რეჟიმის დამხობა

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.

დეკემბერი 16 | შოლცს ბუნდესტაგმა უნდობლობა გამოუცხადა

ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

დეკემბერი 17 | უკრაინამ რუსეთში იგორ კირილოვი მოკლა

მოსკოვში, რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი დამხმარე იგორ პ. აფეთქებას ემსხვერპლნენ. უკრაინულ მედიას წყარომ აცნობა, რომ კირილოვის მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სპეცოპერაცია იყო.

დეკემბერი 25 | რუსეთმა აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

ყაზახეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა. მოგვიანებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. ხოლო აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალიევს მომხდარი გამო ბოდიში მოუხადა.

კომენტარები