აშშ-საქართველო

რატომ ატარებდა დროს კობახიძე ირანში? ამერიკა არ გასულელდება – უილსონი

Befunky 

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციიდან ირაკლი კობახიძის ფოტოს აზიარებს და წერს, რომ ტერორისტები, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდნენ. მისივე თქმით, ამერიკა არ გასულელდება.

ამის შესახებ უილსონი X-ზე წერს.

"რატომ ატარებდა დროს ირაკლი კობახიძე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRCG), ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად ირანში სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ? იგივე ტერორისტები დონალდ ტრამპის მკვლელობას აქტიურად გეგმავდნენ და ამერიკის სიკვდილისკენ ყოველდღე მოუწოდებენ. ჩვენ თქვენ გხედავთ. ამერიკა არ გასულელდება" - წერს უილსონი.

30 ივლისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.მასთან ერთად ღონისძიებას ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო.

ინაუგურაციის პროცესზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პარლამენტის შენობაში, რომელშიც კობახიძეც იმყოფებოდა, ისმოდა შეძახილები: "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს".

კომენტარები