ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

კობახიძე: ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე, ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს, რომ არ შეიძლება ბიზნესი "ასე ღრმად შევიდეს პოლიტიკაში."

"ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში. როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში. ეს არის პრინციპები, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა, როდესაც იწერება მაიდნის სცენარები, იქ ეს პრინციპებიც აღარ მოქმედებს, იმიტომ, რომ ნებისმიერი სისტემა უნდა ჩამოშალონ, ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთი ამოცანა, რომ მოიშალოს ყველა პრინციპი სახელმწიფოში, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას." - ამბობს კობახიძე.

ივანიშვილის პრემიერი ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრასაც შეეხო და თქვა, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც "შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით."

"რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვინ როგორი კმაყოფილი დარჩა, ამაზე სჯობს, თავად ბიზნესმენებმა ისაუბრონ, ისინი იყვნენ შეხვედრის მეორე მხარე. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოსაზრებები გაგვეცვალა, ასევე დაისვა კითხვები, რომლებსაც ვუპასუხეთ. მათ შორის იყო კრიტიკული კითხვები კონკრეტულად ამ ბიზნესმენების მხრიდან. ეს დისკუსია თავისთავად საინტერესო იყო. ყველამ მოისმინა კითხვა-პასუხი და მგონია, რომ ამ ბიზნესმენების უდიდეს უმრავლესობას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, რაც შეიძლება, ადამიანს აწუხებდეს, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში." - ამბობს კობახიძე.

კომენტარები