რუსეთი

ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული გემის მფლობელი კომპანიის ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ტერაქტი იყო

ფოტო: Reuters

ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის სანაპიროსთან ჩაძირული რუსული სატვირთო გემის, Ursa Major-ის მფლობელი კომპანიის განცხადებით, ხომალდის ჩაძირვის მიზეზი ტერორისტული აქტის გახდა.

როგორც კომპანია Оборонлогистика აღნიშნავს, მათი გემის წინააღმდეგ მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.

კომპანია აცხადებს, რომ გემის ეკიპაჟის წევრთა ჩვენებების თანახმად, 23 დეკემბერს ხომალდზე ზედიზედ სამი აფეთქება მოხდა, შემდეგ კი სატვირთო გემი მარცხნივ გადაიხარა და ჩაძირვა დაიწყო.


24 დეკემბერს რუსული სატვირთო გემი Ursa Major ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის ქალაქ აგილასსა და ალჟირის ორანს შორის, ბორტზე აფეთქების შედეგად ჩაიძირა. 

მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს, ეკიპაჟის კიდევ 2 წევრი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ოფიციალური ინფორმაციით, Ursa Major რუსული სანქტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკისკენ მიემგზავრებოდა. გემი 11 დეკემბერს გამოვიდა პორტიდან  და დანიშნულების ადგილას 22 იანვარს უნდა მისულიყო. გემის კაპიტნის თქმით, ინციდენტის დროს გემი ცარიელი კონტეინერებით იყო დატვირთული.

თუმცა, რუსული გამოცემა Mediazona, რომელიც OSINT ანალიტიკოსებს ეყრდნობა, წერს, რომ ხმელთაშუა ზღვაში ბოლო დროს ხუთი რუსული სატვირთო გემი შევიდა, მათ შორის, სამი დიდი სამხედრო სადესანტო გემი და ორი სატვირთო გემი, რომლებიც კომპანია Oboronlogistika-ს ეკუთვნის.

როგორც Ursa Major, ასევე Sparta დიდი ხნის განმავლობაში სირიაში რუსული სამხედრო ბაზების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.

ანალიტიკოსების აზრით, ხუთივე გემის მიზანი ტარტუსსა და ჰმეიმიმის რუსული სამხედრო ბაზების ევაკუაციაა.

კომენტარები