ლომის ბოკვერი თბილისის ქუჩებში

ბექაურმა ბოკვერი ზოოპარკში მიიყვანა, დაირღვა თუ არა კანონი - ინსტანციები არ გვპასუხობენ

ლაშა ბექაური და ლომის ბოკვერი 

დღეს, 26 ოქტომბერს ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია."

ცნობისთვის, 24 დეკემბერს სპორტსმენმა Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება თბილისის ქუჩებში მიმავალ ავტომანქანაში მჯდომი ბექაური ლომის ბოკვერს, სახელად ბუბუს. აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში კითხვები გააჩინა - აქვს თუ არა მოჭიდავეს ლომის ყოლის ნებართვა და როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ველური ცხოველის ყოლის უფლებას საქართველოში.

ორგანიზაცია საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის (საბუკო) დირექტორის, ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში ლომის შემოყვანის ნებართვას, შესაბამისი პროცედურების გავლით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, ხოლო თუკი პირი ლომს ნებართვის გარეშე იყოლიებს ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება.

ტაბულა ორი დღეა ცდილობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ბექაურს ნებართვა, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს განგვიცხადა, განუწყვეტლივ მირეკავთ, მაგრამ ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვითო.

ტაბულა 25 დეკემბერს ესაუბრა ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძესაც, რომელმაც თქვა, რომ "ეჭვი ეპარება" იმაში, რომ ლომის ბოკვერი საქართველოში ლეგალურად იყოს შემოყვანილი.

საბოლოოდ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს, 26 დეკემბერს ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკის დირექტორს, გურიელიძეს გადასცა, ხოლო კანონის დაცვითაა თუ არა შემოყვანილი ბოკვერი საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხი კვლავ არ გვაქვს.

კომენტარები