ლაშა ბექაური

შეგვიძლია თუ არა ვიყოლიოთ ლომი?

გუშინ, 24 დეკემბერს ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება თბილისის ქუჩებში მიმავალ ავტომანქანაში მჯდომი ბექაური ლომის ბოკვერს, სახელად ბუბუს. აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მოჭიდავეს ლომის ყოლის ნებართვა და როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ველური ცხოველის ყოლის უფლებას საქართველოში.

ტაბულა ესაუბრა ორგანიზაცია საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის (საბუკო) დირექტორს, ირაკლი მაჭარაშვილს, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოში ლომის შემოყვანის ნებართვას, შესაბამისი პროცედურების გავლით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, ხოლო თუკი პირი ლომს ნებართვის გარეშე იყოლიებს ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება.

 "საქართველო არის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) წევრი ქვეყანა და სახეობები, რომლებსაც საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად ემუქრებათ საფრთხე სწორედ ამ კონვენციით რეგულირდებიან, საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცედურაა. ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელიც ამ დანართებშია შესული, და ლომი არის პირველ დანართში, ანუ ყველაზე უფრო მკაცრად დაცული, ცოცხალი ინდივიდი, მისი ნაწილი, ვთქვათ, ტყავი, ძვალი - ეს ყველაფერი რეგულირდება და საჭიროა ნებართვები, ნებართვები სჭირდება როგორც შემომტანი, ისე მიმღები ქვეყნის.

კონვენციის შესაბამისი კანონმდებლობა არის საქართველოს კანონში წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ და იქ არის მთელი პროცედურები ახსნილი. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში ამ კონვენციას ადმინისტრირებას უწევს ორი უწყება, ერთი არის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელშიც არის ადამიანი, რომელსაც ჰქვია ე.წ. ფოქალ ფოინთი, იგივე კონვენციის საკონტაქტო პირი, ხოლო მეორე უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ამ კონვენციის აღსრულებაზე არის საბაჟო დეპარტამენტი.

ამ [ბექაურის] შემთხვევაში, შეიძლება სამინისტროს ჰქონდეს, ან არ ჰქონდეს გაცემული ნებართვა. ნებართვის გაცემისთვის სამინისტრო უნდა დარწმუნებულიყო შესაბამისი პროცედურებით, რომ იმ პიროვნებას, ვისაც სურს, რომ საქართველოში შემოიყვანოს ეს სახეობა, აქვს შესაბამისი პირობები. თუკი შესაბამისი ნებართვა არ არის გაცემული, მაშინ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია". - უთხრა ტაბულას მაჭარაშვილმა.


აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ტაბულა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ უწყებაში ამ საკითხზე "ბევრი შეტყობინება შევიდა" და ამჟამად, "მოკვლევა მიმდინარეობს".

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 66​4 მუხლში წერია, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ტაბულა ესაუბრა ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძესაც, რომელმაც თქვა, რომ "ეჭვი ეპარება" იმაში, რომ ლომის ბოკვერი საქართველოში ლეგალურად იყოს შემოყვანილი.

"სერტიფიკატის გაკეთება არის თვითონ ძალიან რთული პროცედურა. ქვეყანამ, საიდანაც ხდება ექსპორტი, ცალკე თანხმობა უნდა გასცეს, ზოგ შემთხვევაში მიმღებმა ქვეყანამ ცალკე თანხმობა უნდა გასცეს, რომელიც ბევრ პროცესს ითვალისწინებს CITES კონვენციიდან გამომდინარე. ასე რომ, მე ეჭვი მეპარება, რომ ეს იყოს ლეგალურად შემოყვანილი, მით უმეტეს, გარემოს დაცვის სამინისტრო არ არის საქმის კურსში, ნებართვა არ გაუცია". - თქვა გურიელიძემ.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად კანონის დაცვითაა თუ არა შემოყვანილი ბოკვერი საქართველოში, პასუხს გაგებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები