უფლებადამცველი მარიამ მოსეშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაურეკეს და 10 დეკემბერს გზის გადაკეტვას ედავებიან. თუმცა მოსეშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ დღეს რუსთაველის გამზირზე რომ მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.
"As if [თითქოს], ამ წელმა რამე დამაკლო, ეხლა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 10 დეკემბერს პარლამენტის წინ გზის გადაკეტვას მედავებიან. დაახლოებით დრო რომ წარმოიდგინოთ, სამსახურის მერე, 7 საათზე თმის შესაჭრელად ვიყავი გალერიაში. მერე იქვე ბოლო სართულზე ცოტა ვჭამე და საბოლოოდ, რომ გამოვედი, ალბათ, 9-ის წუთებზე, ვნახე, რომ უკვე გადაკეტილი იყო რუსთაველი და მეც დავდექი ხალხთან." - წერს მარიამ მოსეშვილი.
მოსეშვილის მეგობარი, ელენე დვალიშვილი ტაბულას ეუბნება, რომ 10 დეკემბერს მარიამთან ერთად იმყოფებოდა, რადგან აქციაზე ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა. მისი თქმით, როდესაც პარლამენტთან მივიდნენ, გზა უკვე გადაკეტილი იყო.
"მარიამი დაახლოებით 8-9 საათისკენ შემხვდა პიონერთა სასახლის წინ. როდესაც პარლამენტიდან პიონერთა სასახლისკენ დავიძარი, ამ დროს გზა გადაკეტილი არ იყო. ხოლო როდესაც მარიამს შევხვდი და დავბრუნდით პარლამენტთან, გზა გადაკეტილი დაგვხვდა. ბევრი ხალხი იდგა ამ დროს გზაზე და მარიამი დამყვებოდა, რომ ვინმე ამოეცნო ცნობილი სახე, რათა შემდეგ მე ჩამეწერა.
ასეთი ერთ-ერთი რესპონდენტი იყო დავით გორგილაძე, რომელთანაც ინტერვიუ ჩავწერეთ სავალ ბილიკზე. ნელ-ნელა ხალხიც უფრო მოგროვდა და ჩვეულებრივ გაგრძელდა პროტესტი. აბსურდია, რასაც აბრალებენ. ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვთ." - გვეუბნება ელენე დვალიშვილი.





