არჩევნები 2024

შსს: არჩევნების დღეს PACE-ს დამკვირვებლის მანქანის დაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიებში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის წევრების საბურავების განზრახ დაზიანებასა და მანქანის დაჯახებაზეა საუბარი.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

"განვმარტავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

მომხდარის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველების მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება.

ასევე, სამართალდამცველებმა მძღოლს ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ვარაუდი, რომ აღნიშნული ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, თუმცა მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული. მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით". - წერს შსს.

კომენტარები