აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფედერალურ დონეზე სიკვდილმისჯილი 40 პატიმრიდან 37-ის განაჩენი უვადო პატიმრობით შეცვალა.
მანამდე, პირველი ვადის დროს, დონალდ ტრამპმა თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა აღადგინა, ხოლო ბაიდენმა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდიოდა, 2021 წელს თეთრ სახლში შესვლისთანავე ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა ისევ შეაჩერა.
ბაიდენის ნაბიჯი ხელს შეუშლის დონალდ ტრამპის გეგმას, აღადგინოს ფედერალურ დონეზე სიკვდილის დასჯა, რადგან შეწყალების გადაწყვეტილებები მომდევნო პრეზიდენტის მიერ ვერ გადაიხედება.
ბოლო კვირების განმავლობაში, ბაიდენი დემოკრატი კონგრესმენების, სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეებისა და, მათ შორის, რომის პაპ ფრანცისკეს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, რათა ფედერალურ დონეზე სიკვდილმისჯილი პირებისთვის განაჩენები შემსუბუქებულიყო.
"ვგმობ ამ მკვლელებს და ვწუხვარ ყველა იმ ოჯახის გამო, ვინც განიცადა წარმოუდგენელი და გამოუსწორებელი დანაკარგი, მაგრამ ჩემი სინდისისა და გამოცდილების საფუძველზე კიდევ უფრო მჯერა, რომ უნდა შევაჩეროთ ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის გამოყენება". - განაცხადა ჯო ბაიდენმა
ბაიდენმა დეკემბრის დასაწყისში თითქმის 1 500 ადამიანს სასჯელი უკვე შეუმსუბუქა. მან ასევე შეიწყალა საკუთარი შვილი მიუხედავად წარსულში მისი დაპირებისა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდა. ჰანტერ ბაიდენი საგადასახადო დარღვევებსა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებში იყო ბრალდებული.
აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ვრცელდება ტერორიზმის ან სიძულვილით მოტივირებული მასობრივი მკვლელობების საქმეებზე. ბაიდენის გადაწყვეტილება ასევე არ გავრცელდება 2 200 პატიმარზე, რომლებსაც სიკვდილი შტატების სასამართლოებში მიესაჯათ, რადგან პრეზიდენტს შტატების სასამართლო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის უფლება არ აქვს.





