რუსეთი

რუსეთში პიროტექნიკის აკრძალვას განიხილავენ

РИА Новости 

რუსეთში ფეიერვერკების გაყიდვისა და გამოყენების აკრძალვას განიხილავენ. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, არტიომ კირიანოვის თქმით, სადღესასწაულო პერიოდში პიროტექნიკის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრებაა საჭირო. ამასთან დაკავშირებით მან თავის ტელეგრამ არხზე დაწერა. კირიანოვის თქმით, პიროტექნიკა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის "დიდ საფრთხეს წარმოადგენს". 

დეპუტატის აზრით, "ინციდენტების" თავიდან ასარიდებლად პოლიციამ უნდა ჩაატაროს "მასშტაბური რეიდები" პიროტექნიკის გაყიდვის ობიექტებზე და შეამოწმოს გამყიდველების ლიცენზიები.

სახელმწიფო დუმის შრომის, სოციალური პოლიტიკისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, იაროსლავ ნილოვმა, მაუწყებელ 360.ru-თან საუბარში აღნიშნა, რომ მოსახლეობაში "მაღალია შფოთვის დონე, მათ შორის დრონების თავდასხმების გამო" და მოსახლეობას ახალი წლის ფეიერვერკებისა და პიროტექნიკის გარეშე აღინიშვნისკენ მოუწოდა.

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ არასადღესასწაულო დროს "პიროტექნიკა ნეგატიურად აისახება ადამიანების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე". გარდა ამისა, ყოველწლიურად ფეიერვერკების გამოყენებისას აღინიშნება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევები, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგით მთავრდება.

სარეზერვო პოდპოლკოვნიკმა და რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო მეცნიერებათა აკადემიის მრჩეველმა, ოლეგ ივანნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში პიროტექნიკის აფეთქებისთვის აუცილებელია დაწესდეს სისხლისსამართლებრივი სასჯელი. მისი თქმით, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა არასაკმარისი ზომაა.

კომენტარები