ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ამერიკაში ელჩის დანიშვნის პროცედურები მალე დაიწყება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ "ელჩის მივლინება საკმაოდ გრძელ პროცედურებს უკავშირდება."
"ელჩის დანიშვნა და მივლინება ქვეყანაში საკმაოდ გრძელ პროცედურებს უკავშირდება და ეს პროცედურები ძალიან მალე დაიწყება, იმისთვის რომ საქართველო სრულად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე და საელჩოები ჩაბარდეს ელჩებს." - ამბობს ბოჭორიშვილმა.
მან ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ამერიკაში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომისა და მისი შემცვლელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"ზალკალიანის გადაწყვეტილება იყო ასეთი, მას ვერავინ შეუშლიდა ხელს, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ელჩების, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ერთს ვიტყვი, როდესაც დიპლომატიურ კორპუსზეა საუბარი, ჩემთვის საგარეო საქმეთა მინისტრი და დიპლომატიური კორპუსი, ეს არის ქვეყნის თავდაცვისა და ინტერესების დაცვის პირველი წინა ხაზი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პირველი წინა ხაზის სიმტკიცესა და სიძლიერეს, მე რაც შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე ვიქნები საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის რომ ეს სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც ჭირდება პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოების და საქართველოს ინტერესების დაცვას." - ამბობს ბოჭორიშვილი.





