"სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რუსული ხელისუფლების პოლიტდევნილი და რუსული რეჟიმის პატიმარი, ვეფხია კასრაძე, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა. ასევე, ვასილ კაძელაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი" - კოალიცია ძლიერი საქართველო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მათ თანაგუნდელებს "აბსურდული ბრალი" აქვთ წარდგენილი.
"დღეს ძლიერი საქართველოს წევრმა და ჩვენმა თანამებრძოლმა საპატიმროში უვადო შიმშილობა გამოაცხადა, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ვეფხია კასრაძე დაკავებულია გამოგონილი, აბსურდული ბრალდებით და ვიდეოჩანაწერში, რომლის საფუძველზეც ის დააკავეს, არ იკვეთება არანაირი დანაშაული. პროკურატურა ვერ ასახელებს ვერც ჩანაწერის განმახორციელებელ პირს და ვერც დროს, თუ როდის ჩაწერეს აღნიშნული ვიდეო.
ჩვენი თანაგუნდელის, ვეფხია კასრაძის დაკავება იყო რუსული სცენარით, სუსის დადგმული უნიჭო სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის დისკრედიტაციას.
ვეფხია კასრაძე თავისი ქვეყნის პატრიოტი მებრძოლი ვეტერანია, ის საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ყველა საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და პირველ რიგში ამის გამო ისჯება რუსული ხელისუფლების მიერ.
ამასთანავე, ჩვენი თანაგუნდელი გორის თეატრის მსახიობია. ვეფხია და მისი ხუთშვილიანი ოჯახი დღემდე საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტის ზონაში, შეგნებულად და გააზრებულად ცხოვრობს და არ მიუტოვებია მამა-პაპისეული სახლ-კარი. ვეფხია, ყველაზე რთულ რეგიონში ეწევა სოფლის მეურნეობას და აძლიერებს სოფელს.
ძლიერი საქართველოს წევრებს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს წაყენებული აქვთ აბსურდული ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის. ზემოაღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე.
ბრალდების დადგენილებაში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს პირდაპირ, ან ირიბად მათ მონაწილეობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. პროკურატურამ ბრალდების დადგენილებაში ვერ მიუთითა, თუ რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ვეფხვია კასრაძემ და ვასილ კაძელაშვილმა, რაც აუცილებელია დანაშაულის კვალიფიკაციისათვის. ასევე, პროკურატურას არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. არსებობს მხოლოდ ერთი საეჭვო წარმოშობის ვიდეოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე. პროკურატურამ ვერ უპასუხა კითხვას და ვერც წარადგინა რაიმე დასკვნა, ან მტკიცებულება, თუ როდის, ან რა ადგილას არის გადაღებული ზემოაღნიშნული ჩანაწერი. წარდგენილი ვიდეოთი ვერ დგინდება მისი ავთენტურობა" - წერს ძლიერი საქართველო.
ვეფხია კასრაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს.