გერმანიის ხელისუფლების თქმით, სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან საწარმოო ადგილებზე, მათ შორის რაინლანდ-პალატინატში მდებარე რამშტაინის აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს.
Reuters-თან საუბრისას ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ გერმანიის ხელისუფლებას არ დაუდგენია, თუ საიდან იმართებოდა დრონები, თუმცა გამორიცხა, რომ მათ მოყვარულები მართავდნენ.
დრონების გამოჩენის შესახებ პირველად გერმანულმა გამოცემამ, Der Spiegel-მა დაწერა. გამოცემა გერმანელ უსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ 3 და 4 დეკემბერს რამშტაინის ბაზაზე დრონი რამდენჯერმე შეამჩნიეს.
Der Spiegel წერს, რომ გაურკვეველი დრონები ასევე გერმანული სამხედრო კომპანიის, Rheinmetall-ის ობიექტებთან შენიშნეს.
აშშ-ს საჰაერო ძალების სპიკერმა თქვა, რომ რამშტაინის საჰაერო ბაზის შენობებს დაზიანება არ მიუღიათ. სპიკერის თქმით, "ბაზის ბინადრებზე, ობიექტებზე ან ქონებაზე გავლენა" არ ყოფილა.
"მასპინძელი ერის ხელისუფლებასთან ერთად განვაგრძობთ საჰაერო სივრცის მეთვალყურეობას, რათა საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ". - თქვა სპიკერმა.
მანამდე, გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, 22 აგვისტოს ქალაქ ფლენსბურგში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალურ მიწაზე გაურკვეველი დრონების გამოჩენის შემდეგ გამოძიება დაიწყეს.