უკრაინამ რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი თავის Telegram-არხზე წერს.
ჩეჩნეთის ლიდერის თანახმად, უკრაინის მიერ გაშვებული ერთი დრონი ჩამოაგდეს და ის დაახლოებით 00:55 საათზე აჰმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების პოლკის ტერიტორიაზე აფეთქდა. მისივე თქმით, იერიშის შედეგად, "ყარაულის ოთხი მებრძოლი" დაიჭრა.
"ჰაერში აფეთქებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სახურავი დააზიანა და ფანჯრები ჩაამტვრია. დაცემულმა ფრაგმენტებმა მცირე ხანძარი გამოიწვია, რომელიც სწრაფად ჩავაქრეთ. რაიმენაირი სერიოზული დაზიანება შენობას არ მიუღია". - წერს კადიროვი.
იერიშის გამო კადიროვი უკრაინას 400 ჯარისკაცის მოკვლით დაემუქრა.
დრონის თავდასხმის კადრებს ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა, NIYSO-ც ავრცელებს.
გარდა ამისა, კადრებს სხვა Telegram-არხებიც, მათ შორის არხი ВЧК-ОГПУ-ც ავრცელებს.
მანამდე, კადიროვმა ორჯერ დაწერა, რომ უკრაინამ ჩეჩნეთში დრონებით იერიში მიიტანა.
4 დეკემბერს უკრაინამ გროზნოზე იერიში მიიტანა დრონით, რომელიც ასევე აჰმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების პოლკის ტერიტორიაზე აფეთქდა.
29 ოქტომბერს კადიროვი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთში მდებარე ვლადიმირ პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე (РУС) უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს.