კახა კალაძის თქმით, "საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით" თბილისის მერია მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს. მან დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღონ.
"ასეთი პროექტი ბოლოს განხორციელდა 2016 წელს, რის შედეგადაც მოხდა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, კონკრეტული გეგმის დადება და შემდეგ, მისი ეტაპობრივად შესრულება.
პროექტს, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, თბილისის განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მასში მერიის შესაბამისი სამსახურებთან ერთად უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტები არიან ჩართულები.
ჩატარდება გამოკითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება გადაადგილების ჩვევების ანალიზში, მობილობის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით სხვადასხვა მარშრუტს, ვუყურებთ, სად არის გამოწვევები, პრობლემები, თუმცა, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტისთვის და სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი იწყება ზუსტად თქვენი მონაწილეობით, ამიტომ, მინდა, ყველას ვთხოვო, ვისთანაც იქნება კომუნიკაცია, მიიღოთ მონაწილეობა, რომ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ვიცოდეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგი წლების განმავლობაში და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. იცით, რომ ქალაქი იზრდება, ემატება ახალი უბნები, ახალი ქუჩები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია" - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.





