ასადის რეჟიმის დამხობა

აშშ-მ სირიაში ISIS-ის 75-ზე მეტ ობიექტზე იერიშები მიიტანა

აშშ-ს A-10 Thunderbolt-ი ალ-დაფრას საჰაერო ბაზაზე  
Staff Sgt. Sabatino DiMascio

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა ცენტრალურ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ბანაკებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, იერიშები ISIS-ის ლიდერებზე, წევრებსა და ბანაკებზე მიიტანეს მიმდინარე მისიის ფარგლებში, რომლის მიზანია უზრუნველყოფა, რომ ტერორისტული დაჯგუფება სირიაში მიმდინარე მოვლენებით ვერ ისარგებლებს და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ფეხს არ მოიკიდებს.

იერიშების სამიზნე 75-ზე მეტი ობიექტი გახდა. ოპერაციაში მონაწილეობდა B-52-ის ტიპის ბომბდამშენი, F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი და A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

განცხადების მიხედვით, იკვლევენ დარტყმების შედეგებს.

ცენტრალური სარდლობა ხაზს უსვამს, რომ პარტნიორებთან ერთად ISIS-ის დასასუსტებლად ოპერაციებს "სირიაში ამ დინამიკური პერიოდის" დროსაც გააგრძელებენ.

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები