საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ირაკლის კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ "წერტილი დაუსვა" იმ სახელმწიფო გადატრიალებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ ქართულმა ოცნებამ დაიწყო და რომელიც ევროპიდან რუსეთისკენ ქვეყნის კურსის ცვლილებას ემსახურება.
"დღეს ამ არ არსებულმა ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენ მომავალს, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავალს. იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც დამოუკიდებლობა და არც მომავალი". – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქართულმა ოცნებამ დღეს კიდევ ერთი მტკიცებულება წარუდგინა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური კურსი აირჩია. და ელჩებს იმ ბერკეტების ამოქმედებისკენ მოუწოდა, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა საქართველოს პოლიციას და ჯარს:
"მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები, არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები. ასე რომ თქვენც აიღეთ ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი.
მინდა მივმართო იმ ჯარს რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის და ის არის, რომელსაც ყველაზე მეტად გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს რომლიდანაც ძლივძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა".
ზურაბიშვილმა ასევე მიმართა ელჩებს:
"მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ. დღეს რაღას აკეთებთ?! ვის ემსახურებით, რას ემსახურებით?! სად ხართ, ხომ წარმოგიდგენიათ რა აბსურდში ცხოვრობთ?! და თქვენ არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც, ყველაფერი. იფიქრეთ თქვენც, რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? და ხვალ აქ რუსეთია თუ ყველამ ჩვენს ადგილას არ ამოვიღეთ ხმა"
28 ნოემბრის მოვლენები:
- ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
- ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
- ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე
- პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა
- დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა
- საპროტესტო აქციები დაიწყო ასევე ქუთაისსა და ზუგდიდში
- ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს





