რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე ბირთვული შესაძლებლობის მქონე ჰიპერბგერით კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტა ორეშნიკზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ იარაღის სამიზნე შესაძლოა კიევში მდებარე გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები გახდეს.
"ამჟამად თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის არმიის გენშტაბი არჩევენ სამიზნეებს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს შეიძლება იყოს სამხედრო ობიექტები, თავდაცვის საწარმოები ან გადაწყვეტილების მიღების ცენტრები კიევში." - თქვა პუტინმა.
პუტინი ირწმუნება, რომ ორეშნიკებით მასირებული იერიშის მიტანა ბირთვული დარტყმის სიმძლავრის ტოლფასია, თუმცა, ბირთვული ქობინების გარეშე ეს სისტემა მასობრივი განადგურების იარაღი ვერ იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ტიპის ბალისტიკური რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყეს.
პუტინის მტკიცებით, 21 ნოემბერს რუსეთი იძულებული გახდა, რომ ორეშნიკის სისტემა უკრაინის ტერიტორიაზე გამოეცადა, რადგან კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში დასავლური იარაღები, ATACMS-ისა და Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები გამოიყენა.
21 ნოემბერს უკრაინა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონტინენტთაშორისი რაკეტით იერიში მიიტანეს. სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.