სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, 25 ნოემბერს ოცნების ერთპარტიული პარლამენტი "სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა". როგორც იოსელიანი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, პარლამენტის შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის.
"საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ. შესაბამისად, არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. [...] საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ, ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის", - თქვა იოსელიანმა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ შეიტანა. სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევას ეხება.





