გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 26 ნოემბერს ფრანგ, იტალიელ, პოლონელ და ბრიტანელ კოლეგებთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გაზრდიან.
"ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ უკრაინას შესაძლებლობა მივცეთ, ძალის პოზიციიდან იმოქმედოს". - თქვა პისტორიუსმა რეპორტიორებთან საუბრისას.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ პისტორიუსმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს სებასტიან ლეკორნუს ტელეფონით ესაუბრა და მათ კოლეგებთან შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდა.
ამას გარდა, პისტორიუსმა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, "[თავდაცვის] ბიუჯეტის [მშპ-ს] 2%; 2.5% ან 3%-მდე გაზრდის მიუხედავად, ჩვენ შესაძლებლობების მხრივ დაშორების შემცირება გვჭირდება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა".
თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპს რამდენჯერმე გამოუხატავს სკეპტიციზმი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაცემულ ფინანსურ და სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და უთქვამს, რომ მას რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ.
დონალდ ტრამპს ასევე ხშირად უთქვამს, რომ იგი არ დაიცავს NATO-ს წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც ალიანსის თავდაცვის ხარჯების მიზნებს ვერ ასრულებენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მან NATO-ს წევრები გააფრთხილა, რომ "იგი წაახალისებდა" კიდეც რუსეთს, რომ ასეთი ქვეყნებისთვის "ის გაეკეთებინა, მას რაც სურდა".





