შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე - 1980 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა. მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ა.გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2021 წელს ა.გ. -ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ა.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს" - აცხადებს შსს.
სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ რამდენიმე დღის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე - 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.





