აშშ-მ დაზვერვის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2000 წლიდან, რუსეთის მიერ მის საზღვრებს გარეთ მნიშვნელოვანი ფიგურების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებს ეხება, მათ შორის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს მოწამვლასა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილს.
2016 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სათაურით "საზღვარგარეთ კრემლის დაკვეთილი მკვლელობები სავარაუდოდ გაგრძელდება", აშშ-სგან გამოცემა Bloomberg-მა გამოითხოვა.
დოკუმენტში, მათ შორის, საუბარია რუსეთის მიერ იმ პირების მკვლელობაზე, რომლებსაც, "მოსკოვი პუტინისთვის პოლიტიკური საფრთხედ აღიქვამს". რუსეთის მიერ მოწყობილი პოლიტიკური მკვლელობის "ყველაზე ცხად მაგალითად" მოყვანილია ლიტვნენკოს რადიოაქტიული იზოტოპით, პოლონიუმით მკვლელობა, რომლის ბრძანებაც, დოკუმენტის მიხედვით, "თითქმის უეჭველად" მოსკოვმა გასცა.
"ლიტვინენკოს სიკვდილის ოფიციალურმა ბრიტანული გამოძიებამ, რომელიც აშშ-ს დაზვერვის მიგნებების შესაბამისია, დაასკვნა, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვამ მოაწყო. რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მკვლელობებისთვის სხვა ცნობილი ფიგურების მიზნად ამოღებაშიც ყოფილა ჩართული. თუმცა, ამის მტკიცება მხოლოდ დაბალი ან საშუალო თავდაჯერებულობით შეგვიძლია, რადგან კრემლის მხრიდან ხელმძღვანელობის ნაკლებად პირდაპირი და ნაკლებად დამაჯერებელი მტკიცებულებები არსებობს, ვიდრე ლიტვინენკოს შემთხვევაში". - წერია დოკუმენტში.
დაზვერვის დოკუმენტის შეფასებით, საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი ფიგურების მკვლელობის შესახებ გადაწყვეტილებებს პუტინი ამტკიცებს, თუმცა, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, შეუძლია, საზღვარგარეთ ჩეჩნების მკვლელობა დამოუკიდებლად მოაწყოს.
"ჩვენი შეფასებით, საზღვარგარეთ ცნობილი ფიგურების მკვლელობის შესახებ გადაწყვეტილებებს პუტინი ამტკიცებს. ლიტვინენკოს მკვლელობის ოფიციალურმა ბრიტანულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ ფიზიკური მტკიცებულებებისა და უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული საკითხებში გადაწყვეტილებათზეა მიღების მიმოხილვის საფუძველზე, ის "სავარაუდოდ დაამტკიცა" პუტინმა. [...]
თუმცა, პუტინმა, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ ჩეჩნების მკვლელობის თავისუფლება მისცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს, რომელიც პუტინის სრულად ერთგული არის. კადიროვის აგენტებისთვის მიკუთვნებული მკვლელობები ძირითადად სროლები იყო, ხოლო ისინი, რომლებიც, ჩვენი განსჯით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მოაწყვეს, მეთოდების დიაპაზონს მოიცავდა, მათ შორის, მოწამვლასაც". - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში "რუსეთის მიერ მოწყობილი ცნობილი და სავარაუდო მკვლელობების" დაზვერვის ცნობების ანალიზის საფუძველზე წერია, რომ კრემლი მკვლელობის სამიზნეებად ძირითადად არჩევს შემდეგი კატეგორიის ადამიანებს: დაზვერვის ყოფილ თანამშრომლებს ან დისიდენტებს, "რომელთა ქმედებებზე კრემლი ფიქრობს, რომ ისინი მისაღებ საზღვრებს გაცდა ან ამისი პოტენციალი აქვს"; "საკვანძო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში პოლიტიკური და ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც საფრთხედ არიან მიჩნეულნი" და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "დაუმორჩილებელი სეპარატისტები", მაგალითად ოლექსანდრ ბედნოვი - უკანასკნელი კატეგორია, როგორც დოკუმენტში წერია, "ასახავს იმას, რომ რუსეთისთვის რეგიონში კონტროლის შენარჩუნება პრიორიტეტულია".
პირველი კატეგორიის შესაძლო მაგალითებად დოკუმენტი ლიტვინენკოსა და რუს ბიზნესმენს, ალექსანდრ პერეპლიჩნის განიხილავს.
"კრემლისთვის ლიტვინენკო არა მხოლოდ მოღალატეს წარმოადგენდა, არამედ, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ და ესპანურ დაზვერვებთან თანამშრომლობით ზღვარი გადაკვეთა. ამასთან, ლიტვინენკომ პუტინს საჯაროდ დასდო ბრალი პედოფილიაში და ასევე ადანაშაულებდა, რომ 1999 წელს მოსკოვში სახლების აფეთქების ბრძანება გასცა, რათა ჩეჩნეთთან კონფლიქტის გასაახლებლად საბაბი ჰქონოდა. ცნობების მიხედვით, რუსი ბიზნესმენი, ალექსანდრ პერეპლიჩნი გაერთიანებულ სამეფოში ბიოლოგიური ტოქსინით მოკლეს მანამდე, სანამ ის, პრესის ცნობით, კრემლში არსებულ გადასახადების თაღლითურ ქსელზე უნდა ისაუბრებდა". - წერია დოკუმენტში.
მეორე კატეგორიის მაგალითად მოყვანილია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო, რომელიც 2004 წელს მოწამვლის სხვერპლი გახდა.
"ამის საკვანძო მაგალითია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო, რომელიც 2004 წელს თითქმის მომაკვდინებელი მოწამვლის მსხვერპლი გახდა. მისმა მხარდაჭერებმა დაასვკნეს, რომ რუსეთის დაზვერვამ მის საკვებში ქიმიური დიოქსინი შეიტანა, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რომელიც დასავლეთში უკრაინის ინტეგრაციას უჭერს მხარს". - წერია დოკუმენტში.
დაზვერვის დოკუმენტში საუბარია ასევე რუსეთის მიერ კონტრტერორიზმის მიზნით მის საზღვრებს გარეთ მკვლელობების მოწყობაზე - ტექსტში პუტინის რეჟიმის ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ მომხდარი მკვლელობის "პირველ ცხად შემთხვევად" ჩეჩენი ტერორისტი, ზელიმხან იანდარბიევი არის მოხსენიებული.
"პირველი ცხადი შემთხვევა პუტინის დროს, როცა მოსკოვმა საზღვარგარეთ მკვლელობას უხელმძღვანელა, 2004 წელს კატარში მოხდა, როცა ორ რუს სამხედრო დაზვერვის ოფიცერს ბრალი დაუმტკიცდა ჩეჩენი ლიდერის ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობაში, რომელიც აშშ-მ და გაერომ ტერორისტად დაასახელეს.
რუსეთის მთავრობას ღიად უსაუბრია თავისი კონტრტერორიზმის პოლიტიკის ფარგლებში მკვლელობის გამოყენებაზე. პრეზიდენტმა პუტინმა 2006 წლის ივნისში საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს ბრძანება მისცა, მოეკლათ ისინი, ვინც ერაყში ოთხი რუსი დიპლომატი მოკლეს. ასევე 2006 წელს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ შესწორება შეიტანა კანონში ტერორიზმთან დაპირისპირების შესახებ. შემდგომ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ კანონი სამსახურებს რუსეთის საზღვრებს გარეთ ტერორისტების მკვლელობისთვის სამართლებრივ საფუძველს აძლევდა". - წერია დოკუმენტში.
2016 წლით დათარიღებული დოკუმენტის შეფასებით, "რუსეთის მთავრობა გააგრძელებს თავისი დაზვერვის" გამოყენებას „საზღვარგარეთ სავარაუდო ტერორისტებისა“ და ასევე იმ პირების მოსაკლავად, ვისაც ეროვნული უსაფრთხოებისთვისა ან "ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის საფრთხედ მიიჩნევს".
"ჩვენი შეფასებით, რუსეთის მთავრობა გააგრძელებს თავისი დაზვერვისა და სხვა ერთგული ერთეულების გამოყენებას საზღვარგარეთ სავარაუდო ტერორისტებისა და ასევე იმ პირების მკვლელობისთვის, ვისაც ძირეული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისა ან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის საფრთხედ მიიჩნევს". - წერია დოკუმენტში.