BBC-სთან საუბრისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ თქვა, რომ უკრაინის დახმარებაში საფრანგეთისთვის "წითელი ხაზები" არ არსებობს და "თავდაცვის ლოგიკით" უკრაინას შეუძლია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს.
ბაროს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა უკვე თუ არა ფრანგული იარაღი უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე.
ამის შესახებ მან BBC-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც სრულად 24 ნოემბერს გამოქვეყნდება.
"პრინციპი დამკვიდრებულია... ჩვენი გზავნილები პრეზიდენტ ზელენსკისთვის კარგად იყო მიღებული". - თქვა ბარომ.
ბაროს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა უკვე თუ არა ფრანგული იარაღი უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება წითელი ხაზების შესახებ, რომ საფრანგეთმა შესაძლოა უკრაინის დასახმარებლად საჯარისო დანაყოფებიც გაგზავნოს, ბარომ თქვა, რომ „არცერთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ“.
"ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენად ინტენსიურად და იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს. ყოველ ჯერზე, როცა რუსეთის ჯარი ერთი კვადრატული კილომეტრით წინ მიიწევს, საფრთხე ევროპას ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება". - თქვა ბარომ.
ბარომ ასევე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ ღია ვართ მოწვევისადმი და, შესაბამისად, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიებში ჩვენს პოზიციებთან მათ დაახლოებას ვცდილობთ". - თქვა ბარომ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაამატა, რომ დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ
"რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ, თუ მეტის გაკეთება გვუსრს და მგონია, რომ ამ ახალ გამოწვევებს უნდა გავუმკლვადეთ". - თქვა ბარომ.
19 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის იარაღით იერიშების მიტანის ნება დართო.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.
თავდაპირველად, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა
მომდევნო დღეს, 20 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით.





