ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატების 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ეს 2021 წლის აგვისტოდან აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გადაცემული სამხედრო აღჭურვილობის რიგით მე-17 პარტია იქნება.
დაახლოებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი აუცილებელ აღჭურვილობას, მათ შორის, სარაკეტო სისტემების ოპერირებისთვის საჭირო მასალას, უპილოტო საფრენ აპარატებს, რაკეტებს, ნაღმებს, ჯაველინებს და როგორც საარტილერიო, ისე ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს მოიცავს.
აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინას საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით გადაეცემა, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღება აშშ-ს იარაღის მარაგებიდან გამოიყოფა და უკრაინას უფრო სწრაფად გადაეცემა, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI) გაწეული დახმარება.
"აშშ გააგრძელებს მუშაობას 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის და შესაძლებლობათა კოალიციების (Capability Coalitions) მეშვეობით, რათა დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე არსებული გადაუდებელი საჭიროებები და დაიცვას უკრაინა რუსული აგრესიისგან". - წერია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
ამ პაკეტს დაანონსების შემდეგ, ამერიკას უკრაინის დასახმარებლად PDA-იდან $6.9 მილიარდი, ხოლო USAI-დან $2.21 მილიარდი რჩება.
აღნიშნული პაკეტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 19 ნოემბერს გავრცელდა.
მანამდე, გამოცემა Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა.
17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა