რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Reuters: ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა

ფოტო: Brendan Smialowski | AFP | Getty Images

გამოცემა Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა, რაც შესაძლოა, უკრაინას ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის წინსვლის შეჩერებაში დაეხმაროს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ მოელის, რომ უკრაინა აღნიშნულ ნაღმებს მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენებს, თუმცა უკრაინამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ საკუთარი მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში მათ არ გამოიყენებს.

Reuters-თან საუბრისას მაღალჩინოსნებმა დაამატეს, რომ მანამდე ამერიკა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით უკვე ეხმარებოდა, თუმცა, ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების დამატების მიზანი რუსი ქვეითი სამხედროების წინსვლის შეჩერებაა.

ამასთანავე, ამერიკული ნაღმები რუსულისგან განსხვავებულია, რადგან ისინი "მუდმივი" არ არის და წინასწარ განსაზღვრული დროის შემდეგ უმოქმედო ხდება, განაცხადეს მაღალჩინოსნებმა. მათ აფეთქებას ბატარეა სჭირდება და როდესაც ბატარეას ვადა გასდის, მათი აფეთქება აღარ ხდება.

19 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის იარაღით იერიშების მიტანის ნება დართო.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.


თავდაპირველად, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".

ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.

რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა

კომენტარები